მჯერა, რომ მოთმინებით, საღი აზრით, კომპრომისით და შერიგებით კონფლიქტის მოგვარების გზა გამოინახება, – ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ლეფორმა განაცხადა.
როგორც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, ევროკავშირს აქვს პოზიცია, რომელიც ეფუძნება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.
მისი თქმით, ეს არის ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების ურყევი პოზიცია.
“ჩვენ ვასრულებთ შუამავლის როლს, რაც ასევე ეფუძნება მიუკერძოებლობას, მედიატორების პატივისცემასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფოკუსირებას ჰუმანიტარულ საკითხებზე. ჩვენ ვცდილობთ პროცესი წინ წავწიოთ, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა დიდია, განსაკუთრებით სტატუსზე და მოკლე ვადაში ეს ვერ მოგვარდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმედი არ არსეობს, პირიქით მჯერა, რომ მოთმინებით, საღი აზრით, კომპრომისით და შერიგებით კონფლიქტის მოგვარების გზა გამოინახება”, – აღნიშნა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ის გამოემშვიდობა მოლაპარაკებების მონაწილეებს და ნამდვილად იმყოფებოდა ცხინვალში.
“მე ინტერვიუ ცხინვალში არ მიმიცია. რა თქმა უნდა, დიპლომატიურ შეხვედრებზე კომენტარის გაკეთებისას სრული თავისუფლება არ მაქვს, მაგრამ ის განცხადება, რომელიც თქვენ მოიყვანეთ, ჩემი პოზიცია არ არის”, – დასძინა ლეფორმა.
ამასთან, როგორც ოსური მედია გუშინ წერდა, ფილიპ ლეფორმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია, განსაზღვრულია.
22.01.14