ჩვენ გვადარდებს და გვაღელვებს ის, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მთავარი – ადამიანის სიცოცხლე დაცული უნდა იქნას. “ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვილნიუსის სამიტიდან მოყოლებული ვაფიქსირებდით, რომ მივესალმებოდით და უაღრესად საინტერესო იქნებოდა, უკრაინა საქართველოს მსგავსად აქტიურად ჩართულიყო ერთიან ევროპულ პროცესში. ამასთან, ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის არჩევანს, მაგრამ სიტუაციის დაძაბვის პარალელურად გვინდა, უფრო ჰუმანურ და ჰუმანიტარულ პრობლემებზე გადავიტანოთ აქცენტი. გული გვტკივა, როცა ვხედავთ, რომ უკრაინაში მსხვერპლია. ჩვენ გვადარდებს და გვაღელვებს ის, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გაუფრთხილდნენ მთავარს – ეს არის ადამიანის სიცოცხლე, ქვეყნის ერთიანობა. რა თქმა უნდა, ამ ემოციამ უნდა გაიმარჯვოს და რაციონალური, მშვიდი დიალოგის შედეგად მოხდეს მთავარის შენარჩუნება – ადამიანის სიცოცხლე, ქვეყნის მთლიანობა იყოს გარანტირებული”,- განაცხადა
გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “უკრაინას ჰყავს თავისი არჩეული ხელისუფლება და ასე პირდაპირ მის შიდასაქმეებში ვერ ჩავერევით”.
23.01.14