2014 წელი საქართველოსთვის ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წელია, საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე პროცესზე და მიზეზებზე „თბილისი თაიმს“ ბრიუსელში ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი – ზურაბ იაშვილი ესაუბრა.
თქვენი შეფასებით, არის თუ არა საქართველო, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის?
ევროპის კავშირში გაწევრიანება, დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს არ შეუძლია ორი მთავარი მიზეზის გამო: 1) თავად ევროპის კავშირის ზოგიერთი წევრის პოზიციის გათვალისწინებით რომლებიც, ძალიან ფრთხილად ეკიდებიან ევროპის კავშირის შემდგომ გაფართოვებას, მათ შორის ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოებთან მიმართებით, რომლებმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე გაცილებით უფრო ადრე გააფორმეს სტაბილიზებისა და ასოცირების ხელშეკრულებები და აქვთ გაწევრიანების პირობა მიღებული ევროპის კავშირის მხრიდან. 2) საქართველოს, ისევე როგორც, მოლდოვას ესაჭიროება ასოცირების ხელშეკრულებით (რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის DCFTA შექმნასაც) გათვალისწინებული მთელი რიგი რეფორმებისა და საკანონმდებლო ინიციატივების გატარება, ევროპის კავშირის სამართლებრივ და პოლიტიკურ სივრცესთან ჰარმონიზების კუთხით, რომელსაც გარკვეული დრო დასჭირდება.
ერთ–ერთი აქტუალური საკითხია, ხელშეკრულების პარაფირების შემდგომ ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობაში რა სტრატეგია უნდა აირჩოს. უნდა ველოდოთ თუ არა მათგან პროვოკაციებს?
ამჟამად, ინიცირებულია ასოცირების ხელშეკრულება ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის, ისევე როგორც ევროპის კავშირსა და მოლდოვას შორის. უფრო ადრე მოხდა მისი ინიცირება უკრაინასთან მიმართებით, მაგრამ უკრაინამ უარი თქვა მის ხელმოწერაზე ვილნიუსის სამიტზე, გასული წლის 28-29 ნოემბერს. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ მოახერხოს უმოკლეს ვადაში მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას. რუსეთი, როგორც ეს სომხეთისა და უკრაინის მაგალითზე გამოჩნდა, ყველანაირად ეცდება ხელი შეუშალოს პროცესს. აუცილებელია, რომ ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სპექტრში ჩამოყალიბდეს ერთსულოვნება და ბევრი პრობლემატური თემა და საკითხი სწორედ ამ ჭრილში იქნას აღქმული და გაანალიზებული, რათა დროებით მაინც, ხელშეკრულების ხელმოწერამდე, არ მოხდეს დესტაბილიზაციის ნიშნებისა და სოციალური მღელვარების გამოწვევა. ამას გარდა, აუცილებელია თავშეკავება და მაქსიმალურად მჭიდრო კონტაქტების უზრუნველყოფა ევროპის კავშირთან და სხვა დასავლელ პარტნიორებთან, რათა მათ მუდმივ რეჟიმში ჰქონდეთ ინფორმაცია საქართველოში და მის გარშემო მიმდინარე ყველა რელევანტური პროცესის შესახებ.
თქვენ როგორ გესახებათ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზება?
პირადად მე, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პერსპექტივას მხოლოდ საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობის შემდეგ ვხედავ. მანამდე, რუსეთი მუდმივად ეცდება ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის ობიექტურად ვერ იარსებებს თანამშრომლობის ფართო სპექტრად გაშლის შესაძლებლობა. გარკვეული ეკონომიკური და კულტურული კავშირები აღდგა, რაც მისასალმებელია, მაგრამ ამავდროულად გვმართებს სიფრთხილე და გათვალისწინება იმისა, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან ამ კავშირების ცალმხრივად გაწყვეტა და ამ გზით საქართველოზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა.
თქვენი შეფასებით, საქართველოში მომავალი ერთი წლის განმავლობაში რა უნდა იქნეს გამოსწორებული თუ განხორციელებული, რაც განაპირობებს საბოლოოდ ევროკავშირის ოჯახში ღირსეულ შესვლას? რა სახის რეფორმებზეა საუბარი?
ძირითადი მიმართულება, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, არის სხვადასხვა სფეროში: ფინანსური სერვისების, გარემოს დაცვითი მიმართულების, შრომისა და სოციალური პოლიტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტექნიკური სტანდარტების ამაღლების კუთხით, საკანონმდებლო სივრცის რეფორმირება და ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან. ასევე აუცილებელია, სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.
პოლიტიკური ოპოზიციის, კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ასევე, ზოგიერთი პოლიტოლოგი თვლის, რომ იმ პროცესმა, რომელსაც ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენად აცხადებს, ხოლო ოპოზიცია პოლიტიკურ დევნად, საუბარია ექს-მაღალჩინოსნების დაკავებაზე, შესაძლოა, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები შეაფერხოს. მათი არგუმენტები შემოიფარგლება ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკური ლიდერის მიერ ამ საკითხზე გამოხატული შეშფოთებით. როგორ ფიქრობთ შეიძლება ეს მართლაც აღმოჩნდეს ხელისშემშლელი ფაქტორი?
მიჭირს ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით ძირითადი კრიტიკა ევროპის საპარლამენტო წრეებიდან გაისმის. იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის ახალი მოწვევის ევროპის პარლამენტს ლისაბონის ხელშეკრულების შესაბამისად ეზრდება უფლებამოსილება ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრის საქმეში, ვფიქრობ მნიშვნელოვანია ევროპულ საპარლამენტო წრეებთან უფრთო მჭიდრო თანამშრომლობა და მათი შეხედულებებისა და რეკომენდაციების მაქსიმალური გაზიარება.
და ბოლოს, ბატონო ზურაბ, როგორია თქვენი შეფასება დღეს უკრაინაში მიმდინარე მწვავე პროცესებზე, თუ არის შესაძლებელი ,რომ ამ სიტუაციამ ჩვენს ქვეყანაზე რაიმე სახით ზეგავლემა მოახდინოს?
შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ის რაც ამჟამად უკრაინაში ხდება, ევროპის კონტინენტის მაშტაბით აფსოლიტურად ყველა სახელმწიფოზე ახდენს გავლენას. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა ევროპის კავშირისათვისაც, რომელიც პირველად აღმოჩნდა ასეთ რთულ საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში. აღნიშნული, აუცილებლად გამოიწვევს ევროპული საგარეო პოლიტიკის ხელახალ გააზრებასა და გადახედვას რუსეთთან ურთიერთობის კუთხითაც და მოველი, რომ რამდენიმე დღეში გასამართი ევროკავშირი-რუსეთის სამიტი, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტი პუტინი ეწვევა ბრიუსელს, იქნება უპრეცედენტოდ დაძაბული. რაც შეეხება საქართველოს, აუცილებელია ძალიან ფრთხილად და ყურადღებით დაკვირვება და გაანალიზება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა, რათა გვესმოდეს და მზად ვიყოთ ყველა შესაძლო სცენარისთვის, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი და რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოს ევროპულ მომავალზე.
23.01.14
ლანა წურწუმია