საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გუშინ ქვემო ქართლში მოღვაწე მუსლიმ სასულიერო პირებს შეხვდა და საქართველოს მუსლიმების ორგანიზაციული განვითარების საკითხი განიხილა.
როგორც „თბილისი თაიმს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებმა სახალხო დამცველს თავისი პრობლემები გააცნეს.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, მუსლიმი სასულიერო პირები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მუსლიმთა თემზე სახელმწიფო ძალოვანი უწყებების ზეწოლის გამო. მათი ინფორმაციით, 2010 წელს მუსლიმთა სამმართველოს შექმნის დღიდან ძალოვანი უწყებები უხეშად ერევიან სამმართველოს საქმიანობაში, მათ შორის, 2013 წლის 25 დეკემბერს ახალი შეიხის რამინ იჯიდოვის არჩევაში.
მუსლიმი სასულიერო პირების ინფორმაციით, საქართველოს ძალოვან უწყებებში იგივე ადამიანები განაგებენ მუსლიმთა საკითხებს ვინც 2005 წლიდან განაგებდა და ეს პირები წლებია ახდენენ მუსლიმთა თემის სამართლიანი მოთხოვნების იგნორირებასა და რიგ შემთხვევებში ზეწოლას. მათი თქმით, ასეთი ვითარება ეწინააღმდეგება ისლამის რელიგიის პრინციპებს.
“როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს რვა დამფუძნებლიდან ერთ-ერთი დამფუძნებელი საერთოდ არ არის მუსლიმი, ხოლო სხვა დამფუძნებლები არ იცავენ მუსლიმურ წესებს და ამავე დროს არიან სახელმწიფო უწყებების ყოფილი თანამშრომლები, ამდენად მათი ჩართვა ესოდენ მნიშვნელოვან რელიგიურ საკითხში, თეოლოგიური თვალსაზრისით, მიუღებელია. შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებით, ირღვევა მათი რწმენის თავისუფლება, რაც შეურაცხმყოფელია ისლამური სარწმუნეობის მიმდევართათვის.
ათეულობით მუსლიმმა სასულიერო პირმა განცხადებით მიმართა და სახალხო დამცველს თავიანთი რელიგიური უფლებების დაცვაში დამხარება სთხოვა. სახალხო დამცველი მათ საკითხის ზედმიწევნით შესწავლას დაპირდა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
23.01.14