2013 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 10784 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 2909 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (22%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 7874 მლნ. აშშ დოლარს (0,4%-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წელს 4965 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 %-ი შეადგინა. 2013 წლის დეკემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1104 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დეკემბრის მაჩვენებელზე 27%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 293 მლნ. აშშ დოლარი იყო (47%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 811 მლნ. აშშ დოლარი (21%-ით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის დეკემბერში 519 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47%-ი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2007-2013 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით 2013 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2879 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 608 მლნ. აშშ დოლარი იყო (72%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 2271 მლნ. აშშ დოლარი (7%-ით ნაკლები).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27%-ი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 21%-ი და იმპორტში 29%-ი. (2012 წელს შესაბამისად 27, 15 და 31%-ი).
ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33%-ი (2012 წელს 38%-ი).
საქასტატის ცნობით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წელს 3787 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2012 წელთან შედარებით 17%-ით მეტი). აქედან ექსპორტმა 1621 მლნ. აშშ დოლარს (30%-ით მეტი), ხოლო იმპორტმა 2166 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (8%-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 35 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 56%-ი და იმპორტში 28%-ი. (2012 წელს შესაბამისად 32, 52 და 25%-ი). 2013 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 11%-ი (2012 წელს 14%-ი).
2013 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66%-ი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1529 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (1348 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (795 მლნ. აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 704 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 24%-ი. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 230 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 8%-ენტს. მესამე ადგილზე თხილისა და სხვა კაკალის ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 167 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6%-ი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წელს კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 954 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12%-ი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 710 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9%-ი იყო. მესამე ადგილზეა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 301 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4%-ი).
24.01.14
Discussion about this post