სოჭის ოლიმპიადა მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა. საფრანგეთისა და გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლები ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებენ და თამაშებზე დასწრებას არ აპირებენ. ოლიმპიადაში მონაწილე გერმანელმა და იტალიელმა სპორტსმენებმა კი მუქარის წერილები მიიღეს. რუსეთი უსაფრთხოების მაქსიმალურ ზომებს იღებს. ამ ყველაფრის ფონზე კი, საქართველოში კვლავ დაობენ ქვეყნის ოლიმპიადაში მონაწილეობასთან და სამომავლო პროცესებთან დაკავშირებით. საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სპორტი და პოლიტიკა აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან, მან ტელეკომპანია RT–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მთავრობა სოჭში არ გაემზგზავრება. წავლენ მხოლოდ სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობის წევრები.“ სამთავრობო წრიდან განცხადება გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემაც, რომელმაც სპორტსმენებს, რაც შეიძლება მეტი მედალის ჩამოტანისკენ მოუწოდა. ოლიმპიადის მოლოდინის პარალელურად, რუსეთმა მდინარე ფსოუზე 11 კილომეტრიანი საზღვარი გადმოწია და ამის მიზეზად თამაშებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაასახელა. რას მოუტანს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობას სოჭის ოლიმპიადა და რა ზეგავლენას მოახდენს ქვეყანაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ამ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ივანე ჯავაიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ დავითაშვილი ესაუბრა. როგორ შეაფასებთ სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობას? პირადად მე უარყოფითად ვაფასებ. საქართველოს არ უნდა მიეღო სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა არც სამთავრობო დონეზე და არც სპორტსმენები უნდა დათანხმებულიყვნენ იქ წასვლას. ზოგჯერ ისინიც უნდა წავიდნენ მსგავს „მსხვერპლზე“, კომპრომისზე, მით უმეტეს, რომ ზამთრის სახეობებში წარმატებებს არც ველით. ჩვენ ქვეყანას ახლა სჭირდება დასავლეთის გვერდში დგომა, პირველ რიგში კი ღირსების შენარჩუნებით უნდა დავიმსახუროთ პატივისცემა მსოფლიოში. და თუ ჩვენ თვითონ საკუთარ ღირსებას არ დავიცავთ საეჭვოა გვერდში ამოგვიდგნენ სხვა ქვეყნები. მინდა გავიხსენო, 1980 წლის ოლიმპიადა,რომელიც მოსკოვში ჩატარდა და რომელსაც 65 ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი 1979 წელს ავღანეთში შეიჭრა. ამ ქვეყნების სპორტსმენებიდან შეიძლება ზოგს ავღანეთი არც კი გაეგონა, მაგრამ პროტესტი გამოუცხადეს დამოუკიდებელი ქვეყნის ოკუპაციას. ახლა როცა შენივე ქვეყანას რუსეთმა ამხელა ტერიტორია წაართვა, ხომ უნდა გაგაჩნდეს შენი დამოკიდებულება და პროტესტი ამ ფაქტის მიმართ? თუ იღებ მონაწილეობას ოლიმპიადაში ეს ნიშნავს,რომ პატიობ ოკუპანტს. ჩემთვის გაუგებაარია, რისი ან ვისი იმედი უნდა გქონდეს მაშინ საერთაშორისო დონეზე, როდესაც შენ თვითონ არ სცემ საკუთარ თავს პატივს. ჩემი აზრით, ესაა ერთ–ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ახალი ხელისუფლების. არის შანსები ამ შეცდომის გამოსწორების და ეს დროულად უნდა მოხდეს. მოგეხსენებათ, რომ ოლიმპიადის მოლოდინის პარალელურად რუსეთის ფედერაციამ მდინარე ფსოუზე 11კილომეტრიანი საზღვარი გადმოწია და ეს შენარჩუნდება 20 იანვრიდან 21 მარტამდე, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? რისი მანიშნებელია საზღვრის გადმოწევა, რა შეტყობინებას უგზავნის ამით რუსეთი საქართველოს? რუსეთის ეს საქციელი ნიშნავს იმას, რომ ის არავის არაფრად აგდებს, მისი ეს მოქმედება ძალიან საეჭვოა. ღმერთმა არ ქნას და რაიმე ცუდი, რომ მოხდეს ოლიმპიურ თამაშებზე. მაშინ 21 მარტამდე კი არა ამის შემდეგაც შეიძლება დატოვოს გადმოწეული საზღვარი. ოლიმპიურ თამაშებში უსაფრთხოების ზომების დაცვა უბრალოდ მისთვის მიზეზია და არავინ იცის ამას როგორ გამოიყენებს. ეს საქციელი არის თავხედობის უმაღლესი გამოვლინება. სამწუხაროდ რუსეთს მსგავს მოქმედებებზე პასუხს არავინ აგებინებს და ისიც სულ უფრო და უფრო თამამ პოლიტიკას ახორციელებს. სამწუხაროა, რომ დღესდღეობის არც ამერიკას და არც ევროპის ქვეყნებს არ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც გადადგავს რეალურ ნაბიჯებს რუსეთის ასეთი მოქმედებების საწინააღმდეგოდ. რუსეთი ამაზე უარეს ქმედებებსაც თუ განახორციელებს მომავალში, დასავლეთი უბრალოდ შეშფოთდება და მეტი არაფერი. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ზესახელმწიფოდ ყოფნას, ამისთვის კი მას სჭირდება სატელიტები ანუ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე კონტროლი. ამ ყველაფრის თავი და თავი კი კავკასიის რეგიონია. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2008 წლის ომმა რუსეთს დააკარგვინა საქართველო. ფაქტობრივად არაოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური გავლენა აღარ აქვს. სამომავლოდ მოსალოდნელია რუსეთისგან ისეთი მოქმედებები, რომელიც მას ზეგავლენას დაუბრუნებს საქართველოზე, აქ არ იგულისხმება სამხედრო ძალის გამოყენება და ა.შ, რუსეთს აქვს ამის განსახორციელებლად საკმაოდ დახვეწილი ბერკეტებიც. რამდენად მისაღებია ახალი მთავრობის პოლიტიკა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან მიმართებაში? რას ურჩევდით ხელისუფლებას? ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს საუბრობენ იმაზე, რომ ისინი არ ცვლიან ძველ კურსს და მათი ძირითადი ორიენტაცია ისევ დასავლეთი და მიზანი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაა. ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ხელს არ გვაძლევს ორმაგი თამაშები, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს. თან რუსეთს „ვეფერებით“ და თან დასავლეთისკენ მივისწრაფით. ასეთი პოლიტიკა პირიქით გვავნებს. მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რადგან რუსეთმა დადებითად შეაფასა საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება და ეს ყოველივე დიდი წარმატებაა რუსეთთან ურთიერთობაში, არ უნდა ვცდილობდეთ რუსეთის გულის მოგებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელმაც ყოველ წამს უნდა შეახსენოს თავისი თავი მსოფლიოს. უნდა ჩანდეს, რომ ჩვენ ვცდილობთ, ვიბრძვით, ყველაფერს ვაკეთებთ დასავლური ორიენტაციისთვის, ვასრულებთ მათ რეკომენდაციებს. ამ დროს საჭიროა მეტი პრინციპულობა და არა ორმაგი თამაში. შევარდნაძის დათმობის მაგალითი გვახსოვს, რომელმაც წარმატება არ მოგვიტანა. ჩვენ არც ჩეჩნეთი ვართ და არც ავღანეთი, რომ პარტიზანული საბრძოლო მოქმედებები წამოვიწყოთ. მაგრამ უნდა მოვიქცეთ როგორც პოლონეთი ან ესტონეთი. არ უნდა გვქონდეს მლიქვნელური პოლიტიკა იმ მიზნით, რომ იქნებ რუსეთმა რაიმე დაგვითმოს. არ შეიძლება არჩევანის საკითხის დასმა სიბნელესა და პროგრესს შორის. პროგრესი კი აგერ უკვე 500 წელია დასავლეთია. დღეს მსოფლიო ყურადღება მიპყრობილია უკრაინისკენ, კიევში განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებდით და ამ სიტუაციას ჩვენს ქვეყანაზე რაიმე სახით ზეგავლენის მოხდენა თუ შეუძლია? რა თქმა უნდა, აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას. არა მგონია გადაჭარბებული იყოს თუ ვიტყვი, რომ დღესდღეობით საქართველოს გზა ევროპისკენ გადის უკრაინაზე. თუ უკრაინა ევროპისათვის დაიკარგა და რუსეთის ზეგავლენის ქვეშ მოექცა, მაშინ საქართველოს ძალიან გაუჭირდება. და თუ უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და რამდენიმე ქვეყანა ერთად იქნებიან ევროინტეგრაციის გზაზე, მაშინ რუსეთს გაუჭირდება თავისი მიზნის მიღწევა. უკრაინას აუცილებლად უნდა დაუდგეს გვერდში ჩვენი ქვეყანა. იქ , ახლა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ძალიან მძიმე წუთები უდგას. ისინი დაპირისპირებული არიან ხელისუფლებასთან რომელიც პრორუსულ კურსს ატარებს. ამ აქციებით უკრაინის მომავალი წყდება. უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათი შვილები და შვილიშვილები ცივილიზირებულ ქვეყანაში გაიზარდონ. ამას კი არა მარტო კრემლი და უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, არამედ ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილიც ეწინააღმდეგება. საერთოდ, უკრაინაში უფრო რთულადაა საქმე ვიდრე ჩვენს ქვეყანაში, რადგან უკრაინის საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი მენტალურად რუსია. სწორედ ეს ნაწილია რუსული ორიენტაციის და სრულიად უცხოდ და მიუღებლად მიიჩნევს დასავლეთს.
24.01.14
ნათია კეკენაძე