საქართველოს პრემიერ-მინისტი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს, შიმონ პერესს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გარდაცვალების გამო.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და დააფიქსირეს მზადყოფა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ.
ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებულ დიდ მეგობრობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
შეხვედრაზე პერესმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მიმდინარეობის შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული კომისია იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველო-ისრაელის ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დილით იერუსალიმის ერების ხეივანს ეწვია, სადაც სიმბოლური ხის დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. იერუსალიმის ერების ხეივანში ეს არის საქართველოს მთავრობის მეთაურის უკვე მეორე ხის ნერგი – შარშან, ივნისში ერების ხეივანში სიმბოლური ხე დარგო მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
ხის დარგვის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელი-საქართველოს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა და გამოთქვა სურვილი ერებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ.
28.01.14