მანდატურის ინსტიტუტი სასარგებლოა სასკოლო სისტემისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შესაბამისი საკითხის კომენტირებისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მანდატურის სამსახური ჯერ კიდევ მისი მინისტრობის პერიოდიდან რეფორმირდა და დღეს “არანაირად არ მოგვაგონებს შაშკინისეულ სისტემას”.
“მანდატურის ინსტიტუტთან დაკავშირებით ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუკი წინა ხელისუფლების დროს ეს სამსახური წარმოადგენდა ძირითად ბერკეტს, რომლითაც ყოფილი მთავრობა ფაქტობრივად რკინის ხელით მართავდა სკოლებს, ჩვენ ეს პირველივე წელს შევცვალეთ და უკვე შარშან მანდატურის ინსტიტუტის სულისკვეთება სრულად შეიცვალა. ის სკოლაში მართლწესრიგის დამცავი სტრუქტურა გახდა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, “ახალი მინისტრი კიდევ უფრო სიღრმეში შევიდა და მანდატურის ინსტიტუტი კიდევ უფრო მოქნილ სტრუქტურად ჩამოყალიბდა”.
“მის შემადგენლობაში შევიდა ფსიქოლოგიური, ბავშვთა და მშობელთა დახმარების, კონსულტაციის სამსახურები და მანდატურის ინსტიტუტი დღეს არანაირად არ მოგვაგონებს შაშკინისეულ სისტემას, რომლითაც სკოლის დირექტორების და მასწავლებელების ტერორი ხორციელდებოდა. დღეს, მანდატურის ინსტიტუტი ამასთან ახლოს არაა. შესაბამისად, ჩემი, როგორც განათლების ყოფილი მინისტრის მოსაზრებაა, რომ ეს სამსახური სასარგებლოა სასკოლო სისტემისთვის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
29.01.14