საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ბოგდან აურესკუმ საქართველოსა და რუმინეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე. განსაკუთრებული ხაზი გაესვა საბორნე მიმოსვლის (ბათუმი-კონსტანცა/ფოთი-კონსტანცა) აღდგენის, ასევე შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის სატვირთო სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედებისა და პროექტის AGRI განხორციელების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე გამოხატეს მზადყოფნა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის 2014 წელს გამართვასთან დაკავშირებით.
“კონსულტაციების დროს ჩვენ განვიხილეთ საქართველო-რუმინეთის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები. ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში გვაქვს ძალიან ინტენსიური ურთიერთობა და სერიოზული პროგრესი. განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორცილედება კასპიის და შავი ზღვის დამაკავშირებელ პროექტებთან მიმართებაში. საუბარი იყო ასევე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე და რაც მთავარია იმ მთავარ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს 2014 წელს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
30.01.14