საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სპეცოპერაციის დაგეგმვის შესახებ ვიდეოკადრების გავრცელებას ეხმაურება.
როგორც სახალხო დამცველმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, დადგინდეს კადრების ავთენტურობა, შემდეგ კი აუცილებელია, გამოძიების დაწყება და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა.
“რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, დადგინდეს ამ კადრების ავთენტურობა – რამდენად არის რეალური ეს კადრები, არის თუ არა მონტაჟი. ამის შემდეგ აუცილებელია, გამოძიების დაწყება. გამოძიებამ უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი”, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
როგორც ცნობილია, ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.
“მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.
მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.
შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა.
ყოუტუბე-ზე ვიდეო გუშინ აპპოლონ ოსმან-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია.
30.01.14