საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალურად ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშების პერიოდისთვის (2014 წლის 7-23 თებერვალი) ქ. სოჭში მივლენილია რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ვიცე-კონსული, რომლის უშუალო კომპეტენციაში შედის შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს სოჭში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.
ასევე, სოჭში ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე განლაგებულ “შვეიცარიის სახლში” საქართველოს მოქალაქეებისთვის იმოქმედებს “ცხელი ხაზი” +7 926 422 96 49, +7 926 326 45 25.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ასევე იმუშავებს მოსკოვში მოქმედი შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესთა სექციაში +7 926 926 27 40 და თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში +995 32 294 50 50, +995 577 98 40 20.
04.01.14