არავითარი უფლება არ მაქვს, გავაპროტესტო სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე , – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქეს” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არა – მთავრობის.
“თანამდებობა ქალაქის მერს შეუჩერა სასამართლომ. მე არავითარი უფლება არ მაქვს, სასამართლოს გადაწყვეტილება გავაპროტესტო. ეს იყო არა ხელისუფლების, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილება. უფლებამოსილების შეჩერება არ არის მგონი საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება. სასამართლო პროცესი მიდის. თუ სასამართლო არ იტყვის, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის არის დამნაშავე.”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მოიწონა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ უგულავას წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა.
“პროკურატურამ წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, თუმცა არ დაუკმაყოფილა და მე სასამართლოს გადაწყვეტილება მოვიწონე. ძალიან მომეწონა, რომ წინასწარი პატიმრობა არ მიუსაჯეს, რადგან თუ არ არის ის მკვლელი და საზოგადოებისთვის საშიში, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, წინასწარ პატიმრობას ფაქიზად უნდა მოვექცეთ და სასამართლომ ეს მოახერხა”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, დავით ნარმანია ძალიან კარგი მერი იქნება.
04.01.14
“ნარმანია მომწონდა და მომწონს. ძალიან კარგი მერი იქნება, თუ მას მხარს დაუჭერენ. ის არის ძალიან წესიერი, მეურნე და პროფესიონალი კაცი”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.