სოჭში ოფიციალურად მიწვეული არიან მხოლოდ იმ სახელმწიფოების სპორტსმენები და წარმომადგენლები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ და ბუნებრივია , მათ რიცხვს არ განეკუთვნება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ქართულ მხარეს ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
“ოლიმპიური კომიტეტისა და რუსეთის საგარეო უწყების ეს კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და იმის დადასტურებაა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობასან დაკავშირებით სწორია. სამწუხაროდ, არალეგიტიმური რეჟიმის პრესსამსახურის განცხადება, თითქოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძრვანელი ლეონიდ თიბილოვი ოფიციალურად მიწვეულია სოჭის ოლიმპიადაზე, უაღრესად ემოციურად აიტაცა ჩვენი პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა, რომლებმაც ამ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ფრიად ნაჩქარევი და გაუაზრებელი განცხადებები გააკეთეს”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, თუ საქართველოს გუნდს სოჭში დახვდება ამ განცხადებებისგან განსხვავებული რეალობა, ოფიციალური თბილისი იტოვებს უფლებას, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება ქართველი ოლიმპიელებისა და ქვეყნის პრესტიჟის დასაცავად.
ამასთან, იქნება ადეკვატური გადაწყვეტილება ცალკეული სიურპრიზების შემთხვევაში, ზურაბ აბაშიძე ჯერ არ აკონკრეტებს.
05.01.14