თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიმდინარე წლის იანვარში სამინისტროს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც მან აღნიშნა, რომ სამინისტრო მოახდენს სამხედრო ძალების რიცხოვნობის შემცირებას. როგორ შეიძლება აღნიშნული შეფასდეს, მისი დადებითი თუ უარყოფიოთი მხარეები, რა შედეგებს მოუტანს ის შეიარაღებულ ძალებს, ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსი“ ესაუბრა ინსტრუქტორ –ანალიტიკოს სადაზვერვო და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, დოქტორთა კლუბის პრეზიდენტს, დასავლეთის სპეცსამსახურების მკვლევარს და ისტორიის პროფესორს თორნიკე შურღულაიას.
როგორ შეაფასებთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებას სამხედრო ძალების რიცხოვნობასთან დაკავშირებით, მინისტრი ამბობს, რომ დაიწყო სრული რევიზია იმ ოპერატიული გეგმების, რომელიც ძალიან შორს იდგა რეალობასთან „ახლა ჩვენ გადავდივართ რეალობაზე და რიცხოვნობაც შესაბამისიი ქნება“.
დადებითად ვაფასებ, რადგან საქართველოს შემთხვევაში გეტყვით, რომ უაზრობაა დიდი რაოდენობის ჯარის შენახვა, რადგან უმჯობესია გყავდეს დივერსიული -სადაზვერვო და სპეციალური დანიშნულების ყველა ტიპის და სხვადასხვა პირობებში სპეც–ოპერაციის ჩამტარებელი ძალები. ეს ძალები, ჩემი აზრით, უფრო მეტად პროდუქტიულ შედეგს მოუტანს ქვეყანას. ასევე, უნდა აღდგეს სამხედრო კათედრა, სადაც ზოგად უნარ-ჩვევებს შეისწავლიან ვაჟები,რომ გამოადგეთ საყოველთაო მობილიზაციის შემთხვევაში. პროფესიული ჯარი უნდა იყოს მაგრამ რეალობასთან შესაბამისობაში.
რა მიგაჩნიათ თავდაცვის უწყებაში და შეიარაღებულ ძალებში ყველაზე დიდ და მნიშვნელობან პრობლემად?
ამაზე კონკრეტული პასუხი მაქვს , ვფიქრობ, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ უნდა დარჩენილიყო დასავლური მოდელიდან გადმოღებული გაერთიანებული შტაბი, და არა გენერალური შტაბი, რომელიც ჩემთვის და ბევრი სხვისთვისაც ასოცირდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბთან და ასევე რუსეთის ე.წ „გრუ–სთან.“
შეაფასეთ საქართველოს მონაწილეობა ISAF–ის მისიაში და როგორ განვითარდება ნატო–სთან სამომავლო ურთიერთობები სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით?
ჩვენი მხარე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მაქსიმალურად დაიხარჯა. ჩვენი აღნიშნული აქტიურობა და ეფექტურობა საფრთხის შემცველიც გახლავთ, შეიძლება რადიკალებმა ტერორისტულმა ძალებმა აღიქვან საქართველო დაპირისპირებული მხარედ და უკვე ჩვენ ქვეყანაზეც მოახდინონ იერიში, რაც კონტრდაზვერვის მიერ უნდა იქნას დროულად გამოვლენილი და აღმოფხვრილი. იმედი მაქვს ჩვენი პატნიორები დააფასებენ ამ ღვაწლს, მსხვერპლს, რისკებს, რაც ამ სპეცოპერაციებს ახლავს და პარტნიორობის უფრო მაღალ საფეხურზე ავალთ.
მოგეხსენებათ, რომ გლობალურ სისტემის ყველაზე დიდ და XXI საუკუნის მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევენ კიბერუსაფრთხოებას და ცდილობენ მის მოგვარებას, არის თუ არა ამ პროცესებში საქართველო ჩართული ?
როგორც ვიცი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შემუშავდა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა და შემდეგ დამტკიცდა კიდეც. ყველამ ვიცით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა, როგორი ფართომასშტაბიანი კიბერ შეტევები განახორციელა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რამაც აჩვენა, რომ ეროვნული უსაფრთხოება ვერ შედგება კიბერსივრცის დაუცველობის შემთხვევაში. პარლამენტის ვებ. გვერდის გატეხვა ეს იყო დაცინვა და მეტი არაფერი. როგორ უნდა შეეწინააღმდეგო რუსეთის ან სხვა ქვეყნის კიბერ შემოტევებს, როდესაც შენსავე ქვეყანაში ე.წ. „ჰაკერი“, რამდენჯერმე გიტეხავს ვებ.გვერდს და ისე, რომ დამნაშავე არ არის დღემდე გამოვლენილი და არც არავინ არის დასჯილი. საჭიროა სხვადასხვა ღონისძიებები, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ დამკვიდრდეს საზოგადოებაში.
ირაკლი ალასანიამ, სარეზერვო სისტემის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სავალდებულო სამსახურის ვადა ეტაობრივად შემცირდებოდა, როგორ შეაფასებთ საჭიროა თუ არა საქართველოში სარეზერვო სისტემა?
უკეთესი იქნება თუ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ ჯარისკაცების მომზადებას, ჩვენ უნდა გვყავდეს სპეციალური დივერსიული-სადაზვერვო რაზმების მეტი რაოდენობა, რეზერვი და ამ ტიპის პროგრამები ისრაელში და მსგავს ქვეყნებში თუ იქნება ეფექტური, მაგრამ არა საქართველოში, აქ ჯერ მთელი რიგი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი.
საიდან გაგიჩნდათ უსაფრთხოებისა და უშიშროების მართვის საბჭოს შექმნის იდეა და რატომ მიიღეთ უარი ამ პროექტზე?
2006 წლიდან მოყოლებული ვიკვლევ სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოებისა და სპეცსამსახურების სისტემებს, ფუნქციებს, პრიორიტეტებსა და ამოცანებს, დაგროვებული ინფორმაციის ბაზაზე გაკეთებული ანალიზის შედეგი იყო ჩემი იდეა, რომელსაც „სპეციალური გაერთიანებული კომიტეტი ვუწოდე“, რომელიც კოორდინაციას გაუწევდა ქვეყნის სპეცსამსახურებს, განუსაზღვრავდა მათ პრიორიტეტებს და შემდგომ მოახდენდა მათი საქმიანობის ეფექტურობის მონიტორინგს. ეს იდეა 2013 წლის მარტის თვეში დაიბადა და გაჟღერდა კიდეც მასმედიის სხვადასხვა საშუალებით. მე უშიშროების საბჭოს უფუნქციობაზე ვამახვილებდი ყურადღებას, ეს მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ბატონი ბოკერია იყო საბჭოს მდივანი. კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ ჩემი ხედვის მიხედვით პრეზიდენტთან უნდა დარჩენილიყო მხოლოდ მცირე ჯგუფი, რომელიც მოახდენდა მის იმფორმირებულობას მიმდინარე მოვლენების შესახებ, როგორც ქვეყანაში აგრეთვე რეგიონალური და გლობალური მასშტაბით, ხოლო პრემიერის დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყო ახალი სტრუქტურა, რომელიც ეროვნული უშიშროების საკითხებსა და კრიზისების მართვაზე იქნებოდა ორიენტირებული. ბატონმა სესიაშვილმა განაცხადა, რომ ამ იდეას ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარი დაჭირდებოდა, როდესაც მე წელიწადში სტრუქტურის ფუნქციონირებისთვის 10 მილიონ ლარს ვითხოვდი და ასევე აცხადებდა, რომ ბუნდოვანი იყო ამ სტრუქტურის ადგილი და რომ ეს სტრუქტურა გადაფარავდა სხვა უწყებების საქმიანობას. ჩემი იდეა იყო მატრიცა, საწყისი ეტაპი რომლის განსავითარებლად საჭირო იყო სამუშაო ჯგუფის შექმნა რომლებიც იმუშავებდნენ, სამართლებრივი, ფინანსური და სტრუქტურის სპეციფიკის ჩამოყალიბებაზე და გაშლაზე. იდეა გაიგზავნა „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატთან, მეცნიერებათა აკადემიში, გაეგზავნა „ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტ ბატონ ცისკარიშვილსაც.
კარგია, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იდეა გამოიყენეს და იმედი მაქვს, რომ ეს რგოლი გააძლიერებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, თუმცა მე აღნიშნულ რგოლს არა საბჭოდ არამედ „სპეციალური გაერთიანებული კომიტეტის“ სახით ჩამოვაყალიბებდი, რომელიც მხოლოდ სარეკომენდაციო და პრემიერის ინფორმირებულობის ფუნქციებს არ ატარებდა.
რამ განაპირობა ის, რომ უარის მიღების შემდეგ თქვენივე იდეა „გამოიყენეს“ ?
საჭიროებამ და არსებული სიტუაციის გააზრებამ, რადგან ეროვნული უშიშროება მხოლოდ სამხედრო უსაფრთხოებას არ მოიცავს, ეროვნულ უშიშროებაში შედის უსაფრთხოების ისეთი ასპექტები, როგორებიც არის : კიბერ უსაფრთხოება, ეკოლოგიური უსაფრთხოება, ფინანსური უსაფრთხოება, ე.წ. პოლიტიკური (კონსტიტუციური) უსაფრთხოება, ენერგო უსაფრთხოება, სამხედრო უსაფრთხოება.
ჩემი აღნიშნული იდეა: აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის, ბრიტანეთის დაზვერვის გაერთიანებული კომიტეტის, მინისტრთა კაბინეტის ბრიფინგების ოთახის COBRA-ს და ისრაელის სპეცსამსახურების თანამეგობრობის სისტემის მაგალითზე პრიორიტეტული ასპექტების შერწყმის შედეგია, რომელიც ჩვენი ეროვნული პრიორიტეტებისა და ეროვნული რესურსების გათვალისწინებით იყო ჩამოყალიბებული.
05.02.14
ნათია კეკენაძე