საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისთვის არ არის ცნობილი, დაბრუნდება თუ არა მთავრობაში სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე , – ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ეს ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა ე.წ. ტრაქტორების საქმეზე მე პირველივე დღეს ვთქვი, რომ მჯეროდა, რომ კირვალიძე და მისი გუნდი მართალი იყო კანონის წინაშე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პროკურატურამ საჩივარი სასამართლოდან გაითხოვა. შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრება, რომ დავით კირვალიძე, რომელიც სწორედ ამ საქმის გამო გადადგა, მინისტრის პოსტზე დაბრუნდეს.
თავად კირვალიძეს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი აღნიშნა – “მე რამდენიმე დღის წინ გავიგე ამის თაობაზე, ინფორმაციას მომაწვდიან უფრო დეტალურად და ამის შესახებ მოგვიანებით გავავრცელებთ კომენტარს”.
სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საჩივარი პროკურატურამ სასამართლოდან გაითხოვა.
06.02.14