დღეს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები საქალაქო სამსახურების უფროსებს შეხვდნენ და 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს.
როგორც ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა რამაზ სულამანიძემ განმარტა,
საბავშვო ბაღების დაფინანსება თბილისში თებერვლის თვეშიც გაგრძელდება, თუმცა, ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაში, საბავშვო ბაღებს სერიოზული პრობლემები წარმოექმნებათ.
მისივე ინფორმაციით, ახალი ბაღების მშენებლობის საკითხი დღის წესრიგში კვლავ დგას და ამ ეტაპზე სამშენებლო პროექტების დამუშავება მიმდინარეობს, რის შემდგომ უკვე ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება.
,,ამიტომ სასურველია, ტენდერის გამოცხადებამდე დედაქალაქის ბიუჯეტი დამტკიცდეს, რათა ახალი ბაღების მშენებლობა ახალი სასწავლო წლის ბოლომდე დასრულდეს და პატარები წელს ახალ ბაღებში შეხვდნენ’’,–აღნიშნა სულამანიძემ.
თბილისის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, თებერვლის ბოლოდან 600 ათასი პირის მგზავრობის ხარჯის დაფარვა სხვა პროექტების ხარჯზე მოხდება.
ამის შესახებ სხდომაზე თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯოხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, ავტობუსების შესაძენად ტენდერი თავიდან გამოცხადდება.
რაც შეეხება 600 ათასი პირის მგზავრობისთვის დაწესებულ შეღავათს, ამ მიმართულებით თებერვლის ბოლოდან პრობლემებია მოსალოდნელი.
,,თებერვლის ბოლოდან ერთი მეთორმეტედით ამ მუხლის დაფინანსება უკვე ამოწურული იქნება და იძულებული ვიქნებით, გავაჩეროთ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც გათვალისწინებული გვაქვს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და დავაფინანსოთ მგზავრობის კომპენსაციის მუხლი”, – აღნიშნა აკაკი ჯოხაძემ.
აკაკი ჯოხაძე ასევე მიიჩნევს, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რათა ბიუჯეტში პრიორიტეტების გაწერა სწორად მოხდეს.
დედაქალაქის მერია საკრებულოსგან საკუთარი მოსაზრებების წერილობით წარმოდგენას ელოდება, რის შემდგომაც მოსაზრებების მაქსიმალურად შეჯერების შედეგად ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოში ხელახლა იქნება წარმოდგენილი.
საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი ნაწილი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ტრანსპორტის განვითარებას, სამშენებლო სექტორს და ყველა იმ მიმართულებას დაეთმო, რაც დედაქალაქისა და მისი მაცხოვრებლებისთვისაა პრიორიტეტული.
ნიკოლოზ ხაჩირაშვილის თქმით, შეიქმნება შეჯერებული ერთიანი პაკეტი, რომელიც უახლოეს დღეებში მერიას გადაეგზავნება.
,,თანხვედრა არის შეხვედრების დონეზე, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა აისახოს დოკუმენტში. ახლა უკვე დაველოდებით მერიის რეაგირებას იმ მიმართულებებსა და შენიშვნებზე, რომელსაც თბილისის საკრებულო წერილობით აცნობებს“,- განაცხადა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა.
ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ფრაქციებსა და კომისიებში კონსულტაციები კვლავაც გაგრძელდება.
2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე 12 თებერვალს იმსჯელებს.
გასული წლის 29 დეკემბერს, საკრებულოში ბიუჯეტის პროექტი “ჩავარდა”
07.02.14