საქართველოს მთავრობამ დღეს დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგია დაამტკიცა. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის 2012 წელს გაფორმებული ფინანსური მხარდაჭერის ხელშეკრულების ფარგლებში 5 მილიონი ევროთი გათვალისწინებულია დევნილთა შემოსავლების წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
“ამისათვის სამინისტროში შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა შემოსავლების წყაროების სააგენტო, რომელიც დაიწყებს ფუნქციონირებას და პერსპექტივაში არის შესაძლებლობა, რომ მსოფლიო ბანკმა დაამატოს კიდევ 2 მილიონი დოლარი, ხოლო 2015 წლიდან 30 მილიონ დოლარიანი პროექტი გაიხსნას. ეს გააუმჯობესებას დევნილთა ხელმისაწვდომობას შემოსავლებზე, გააუმჯობესებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას”, – განაცხადა დარახველიძემ.
მისივე განმარტებით, სტრატეგია გულისხმობს მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტების დაფინანსებას, დევნილების სწავლას, ასევე ბიზნესგეგმების განხორციელებაში მხარდაჭერას.
როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ეს სტრატეგია არის 4 წლიანი, თუმცა შესაძლებელია კიდევ გაგრძელდეს.
07.02.14