საბანკო სექტორში დღეიდან მომსახურების ახალი ფორმა – ელექტრონული ხელმოწერა ამოქმედდა. პროექტს საწყის ეტაპზე “პროკრედიტ ბანკი” შეუერთდა, რომლის ფილიალშიც აღმაშენებლის გამზირზე, პირველი საბანკო ოპერაცია ელექტრონული ხელმოწერით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ შეასრულა.
მისი განმარტებით, ელექტრონული ხელმოწერის მთელი არსი პროცედურის სიმარტივეში, სისწრაფესა და უსაფრთხოებაში მდგომარეობს.
“ჩვენ დღეს პირველად გავუშვით ელექტრონული ხელმოწერა, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს. ეს ნიშნავს მომხმარებლისთვის ნაკლებ დროს, სისწრაფესა და უსაფრთხოებას, ხოლო ბანკებისთვის მეტ ეფექტურობას და პროდუქტიულობას. დღეს ჩვენ ვიწყებთ სალაროს ქვითრების, დღიური საბუთების და ქაღალდის უზარმაზარი არქივების ეპოქის დასასრულს”, – განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მხარაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და სერვისების განვითარების სააგენტოს და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე ელექტრონული ხელმოწერის სისტემაზე საქართველოს საბანკო სექტორი სრულად გადავა.
გიორგი ქადაგიძემ “პროკრედიტ ბანკს” ინოვაციური პროექტის დანერგვაში პიონერობა მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მთელი საბანკო სექტორისთვის წარმატებულია.
ელექტრონული ხელმოწერის დადებით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება “პროკრედიტ ბანკის” გენერალურმა დირექტორმა საშა ტერნესმაც.
მისი თქმით, ელექტრონული ხელმოწერა საქართველოს საბანკო სფეროსთვის ინოვაციაა, რომელიც ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით დაინერგა.
“მოხარული ვართ, რომ “პროკრედიტ ბანკის” კლიენტები იქნებიან პირველები, ვინც ამ თანამედროვე მომსახურებით ისარგებლებენ. პროექტის მნიშვნელობას მისი ეკოლოგიური ხასიათიც განაპირობებს. ყოველდღიურად, საბანკო დოკუმენტებზე ხელმოწერისას უამრავი ქაღალდი იხარჯება, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ხე-ტყის გაჩეხვაზე. ხელმოწერილი ქვითრები კი მომსახურების შემდეგ ხშირ შემთხვევაში უსარგებლო ხდება. ელექტრონული ხელმოწერის დანერგვით ქაღალდის მოხმარება საგრძნობლად შემცირდება და ამით ჩვენ წვლილს შევიტანთ გარემოს დაცვის საკითხში. გარდა ამისა, მომხმარებელს არ მოუწევს ხელმოწერილი ქვითრის შენახვა, რადგან ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებისას მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დოკუმენტის ელექტრონული დედანის მიღება”,- აღნიშნა საშა ტერნესმა.
“პროკრედიტ ბანკში” ელექტრონული ხელმოწერის დანერგვასთან დაკავშირებულ პრეზენტაციას სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სამადაშვილიც დაესწრო.
10.02.14