საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეპლიკას ზედმიწევნით და სერიოზულად გააანალიზებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერ ასეთ მესიჯს, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს.
“ქართულ-რუსული ურთიერთობები არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და პრობლემური ურთიერთობა, რაც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია. შესაბამისა, ამ რეპლიკის ანალიზს ჩვენ მოვახდენთ ძალიან სერიოზულად და ზედმიწევნით, გავივლით კონსულტაციებს და ჩვენს პოზიციასაც ჩამოვაყალიბებთ. თუ არის შესაძლებლობა, რომ რაიმე ასეთი ტიპის შეხვედრამ მისცეს პოზიტიური იმპულსი ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, თუ არის სერიოზული მზადყოფნა ძალიან პრობლემური თემების განხილვისთვის, ბუნებრივია, არის საფუძველი, რომ ჩვენ ამ თემებზე კოლეგებთან ვიმსჯელოთ, გავიაროთ კონსულტაციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლელ კოლეგებთან და ვიფიქროთ ასეთი შეხვედრის თაობაზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
11.02.14