ხუდონჰესთან დაკავშირებით ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავარღვევთ არც მოსახლეობის და არც ინვესტორის უფლებებს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, საქართველოს მთავრობას კარგად ესმის საკითხის სირთულე და სენსიტიურობა.
“პირობას გაძლევთ, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული როგორც მოსახლეობის, ისე ჩვენი ქვეყნის და ინვესტორის ინტერესები”, – განაცხადა კალაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, მოსახლეობას სამინისტრომ შესთავაზა 10-15 კაციანი ჯგუფის შექმნა, რომელთანაც შეხვედრის და საკითხის განხილვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ. როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს ხდებოდა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისას და მოსახლეობასთან შეხვედრის სურვილი მანაც გამოთქვა.
“თუმცა, როდესაც შეხვედრა მზადდებოდა, მოსახლეობამ უარი განაცხადა. უახლოეს მომავალში, მე ვაპირებ ხაიშში ჩასვლას მოსახლეობასთან შესახვედრად”, – განაცხადა კალაძემ.
11.02.14