საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. როგორც “თბილისი თაიმს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად ზაგულბას სასახლეში გაემართა, სადაც აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდება.
ორი ქვეყნის ლიდერები შეხვედრას გაფართოებული შემადგენლობითაც გამართავენ, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში 13 თებერვალს კახის რაიონში სტუმრობით დასრულდება, სადაც დაგეგმილია შეხვედრა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან.
საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და მახირ დარზიევი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ივანე მაჭავარიანი. დელეგაცია საქართველოში 13 თებერვალს დაბრუნდება.
12.02.14