კრემლის პირველი რეაქცია საქართველოს ხელისუფლების ახალ განცხადებებზე. გრიგორი კარასინი ამბობს, რომ მარტში პრაღაში აბაშიძესთან დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის საკითხს. ეს ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა მედიამ.
ციტატა:” შეხვედრა ბატონ აბაშიძესთან, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში გაიმართება. დღის განრიგი იგივეა – ურთიერთობის ნორმალიზების პრაქტიკული გზები იმ სფეროებში, სადაც ეს დღესდღეობით შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე შევეხებით ორი ქვეყნის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის ძალიან მნიშვნელოვან საკითხსაც”, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მანამდე განცხადება მედიასთან გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ოფიციალური თბილისი მზად არის რუსეთთან პირდაპირი დიალოგი დაიწყოს. პოლიტიკური ნება მთავრობას აქვს, მაგრამ, კონკრეტული გადაწყვეტილება ფორმატის, დროის და ადგილის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს.
პრემიერი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოების აზრი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას ემთხვევა. ქვეყნის პირველი დიპლომატი კი თვლის, რომ შეხვედრის მომზადებას დასჭირდება დრო.
13.02.14