დღეს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ფონდმა ”ღია საზოგადოება საქართველომ” და იუსტიციის სამინისტრომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მრგვალი მაგიდა გამართეს.
ღონისძიება ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტს მიეძღვნა. მრგვალ მაგიდას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების , საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აშშ-ის საერთაშორისო გავითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ევროკა[შირის დელეგავიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
დისკუსიის მონაწილეებმა ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე მუშაობის პროცესი განიხილეს, კონცეფციაზე იმსჯელეს და ძირითადი პრობლემური საკითხები განსაზღვრეს. შეხვედრაზე ექსპერტთა ჯგუფმა წარადგინა ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონპროექტის კონცეფცია და სამუშაო გეგმა.
შხვედრაში მონაწილეობდნენ ექსპერტები იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებმაც განიხილეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ცალკე საკანონმდებლო აქტის არსებობა და რა გამოწვევები აქვს ინფრომაციის თავისუფლებას საქართველოში, რატომ არის აუცილებელი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ცალკე საკანონმდებლო აქტის არსებობა.
დღესდღობით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტშია გაბნეული, რაც მათი აღსრულების თვალსაზრისით, გარკვეულ სირთულეებს წარმოქმნის. სპეციალური კანონის მიღება საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, საჯარო ინფრომაციის მარეგულირებელი ნორმების ერთ ნორმატიულ აქტში თავმოყრას ითვალისწინებს, რაც მთავრობას, არასამთავრობო სექტორსა და მთელ საზოგადოებას ღია და ანგარიშვალდებული სახელმწიფო აპარატის განვითარებაში დაეხმარება. სპეციალური კანონი კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს მთავრობის განჭვირვალობასა, საჯარო მმართველობის პოლიტიკას და გაამარტივებს პროფესიონალთა მუშობას ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე.
კანონის შემუშავებას და კოორდინაციას იუსტიციის სამინისტრო გაუწევს. პროცესი არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება. ამისათვის შეიქმნება სპეციალური სამუშო ჯგუფი, რომელიც კონსულტაციების საფუძველზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავებს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ ნორმებს.
კანონპროექტის პირველად ვერსიას იუსტიციის სამინისტრო 2014 წლის შემოდგომაზე წარმოადგენს.
ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე:
”საქართველოში არსებობს კარგი და თანამედროვე კანონმდებლობა ინფორმაციის თავისუფლების კუთხით, მაგრამ ნებისმიერი კანონმდებლობა მოითხოვს დახვეწას, ძალიან ბევრი გაკეთდა ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესთან დაკავშირებით, თუმცა ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია, არსებული კანონპროექტი ითხოვს დახვეწას და სწორედ ამ თემაზე სამსჯელოდ შევიკრიბეთ. მადლობა მინდა გადავუხადო სოროსის ფონდს, ამ ფონდთან ერთად ვაპირებთ ჩვენ, განვავითაროთ და დავხვეწოთ კანონპროექტი. აღნიშული კანონმდებლობა შეეხება არა მარტო მედიას არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, საჯარო ინფორმაცია ყველასთვის ღიაა, თუ ის არ არის დადგენილი წესით გასაიდუმლოებული, იქნება ეს მედიის წარმომადგენელი თუ რიგითი მოქალაქე.”
ქეთი ხუციშვილი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი:
“ჩემი აზრით დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, იუსტიციის სამინისტრო, ჩვენი ფონდი და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთად ვიწყებთ მუშობას ინფორმაციის თავისუფლების სერიოზულ, სრულმაშტაბიან რეფორმაზე. კანონმდებლობა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში იყო მიღებული იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს არ არის საკმარისი, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაცია მუდმივად იყოს ხელმისაწვდომი, საჭიროა ახალი აქტის შემუშავება. დღეს იუსტიციის სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან იმუშაონ ამ კანონ-პროექტზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი განსაზღვრავს ინფორმაციის თავისუფლებას, ხელმისაწვდომობას, თუმცა ის საკმარისი არ აღმოჩნდა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძალიან ხშირად საჯარო სტრუქტურები არ გასცემენ ინფორმაციას, ან გასცემენ არასრულ ინფორმაციას, სწორედ ამიტომ საჭიროა ერთიანი კანონი, რომელიც მოახდენს რეგულირებას, თუ როგორ უნდა მოხდეს და მოთხოვნიდან, რამდენ ხანში უნდა მოხდეს ინფორმაციის გაცემა, ასევე განსაზღვრავს ყველა დეტალს იმისას, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება. უნდა შეიქმნას ახალი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის თავისუფლებასა და მის შეუფერხებლად მიწოდებას მოქალაქეებისთვის, ჟურნალისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირებისთვის.”
ეკატერინე ქარდავა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი:
” ბუნებრივია მივესალმები, საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი ნორმების ერთ საკანონმდებლო აქტში თავმოყრის შესაძლებლობას, მიმაჩნია ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება და გამორიცხული იქნება ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომები, გარკვეული ხარვეზები. ერთიანი სისტემატიზაცია ხელს შეუწყოფს და დახვეწილს გახდის აღნიშნული კანონის მუშაობას.”
13.02.14
ნინა პირტახია
თეონა ბარველაშვილი