სოჭში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში დღეიდან ქართველი სპორტსმენებიც ჩაერთვებიან. პირველი სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნება , რომელიც დღეს გიგანტურ სლალომში იასპარეზებს, 21-ში – სლალომში.
განრიგის მიხედვით, წიკლაური რიგით 68-ე ნომერია. ასპარეზობა თბილისის დროით 09.30 საათზე დაიწყო.
მისი თქმით, იგი სრულ მზადყოფნაშია და შეეცდება, მაქსიმალურად საუკეთესო შედეგი აჩვენოს.
“თამაშებისთვის ევროპაში ნაყოფიერად მოვემზადე და არაერთ საერთაშორისო ტურნირშიც ვიასპარეზე. ეს ჩემი მეორე ოლიმპიადაა და გარკვეული გამოცდილებაც დამიგროვდა. აქაურ ტრასასთან შესაგუებლადაც დრო საკმაოდ მქონდა და ასე თუ ისე ალღოც ავუღე”,-აღნიშნავს წიკლაური.
სოჭში ოთხი ქართველი სპორტსმენი ასაპარეზობს. 18 თებერვალს გიგანტურ სლალომში გამოვა ნინო წიკლაური, რომელიც 21 თებერვალს სლალომშიც ცდის ძალას.
19 და 22 თებერვალს იასპარეზებენ სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე, ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი) თამაშებში19-20 თებერვალს ჩაერთვება.
სოჭიდან პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს 11:00 საათიდან დაიწყებს.
18.02.14