საბურთალოს რაიონის გამგებელი გია ხუროშვილი შს სამინისტროსგან მის მიმართ პროვოკაციული სქემის მონაწილე პირების გამოვლენას ითხოვს.
საბურთალოს რაიონის გამგებელმა გია ხუროშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განცხადება გააკეთა. გია ხუროშვილის თქმით, უკვე ერთი თვეა მასზე, როგორც გამგებელზე მიმდინარეობს სისტემატიური ზეწოლა გადადგომის მოთხოვნით. მისივე თქმით, ამას მოჰყვა პირდაპირი ქურდული გარჩევის სერია ირაკლი შიხიაშვილთან, ეს უკვე გაგრძელდა დაუფარავი მუქარით და უკანონო ფარული თვალთვალით, რასაც მოჰყვა ფიზიკური განადგურებისა და ანგარიშსწორების მუქარა.
“ინგა გრიგოლიას გადაცემის დასრულების შემდეგ, 00:36 საათზე ჩემთან შემოვიდა ზარი ტელეფონის ნომრიდან 595 01 01 71, უგონოდ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომელიც მემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ითხოვდა დაუყოვნებლივ შევხვედროდი”, – განაცხადა გია ხუროშვილმა.
საბურთალოს რაიონის გამგებელი ითხოვს შს სამინისტროსგან დაინტერსედეს უკანსკნელი ორი თვის მანძილზე რომელი უწყების ბალანსზე იმყოფებოდა აღნიშნული ტელეფონის ნომერი, ვინ სარგებლობდა ამ ნომრით, ვინ განახორციელა მუქარის ზარი და რა სქემაა ჩართული ამ პროვიკაციების სერიაში.
ხუროშვილის თქმით, ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკური ზეწოლისა და მოთხოვნებისა, რომ მან უარი თქვას გამგებლების გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე. გამგებელმა ასევე განმარტა, რომ მისთვის დაზუსტებულია ინფორმაცია ვინ სარგებლობს აღნიშნული ნომრით. თუმცა გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, იგი არ აპირებს გაახმაუროს ინფორმაცია. მან მიმართა შს სამინისტროს, მისი საჯარო განცხადება მიიღოს სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძვლად.
თავად ხუროშვილი მზად არის გამოძიებას ნებისმიერ დროს მისცეს ჩვენება, რათა გაერკვეს თუ ვინ არის პროვოკაციული სქემის მონაწილე და გამოიკვეთოს რა დაინტერესება აქვს ამ ჯგუფს.
18.02.14