საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუმრობა კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ვაშინგტონში საქართველოს მთავრობის ხედვა მოისმინონ , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ვიზიტი ასევე იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები იყოს განხილული. ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, ვიზიტის მომზადება დასრულების სტადიაშია.
“მას შემდეგ, რაც გვექნება საბოლოო ვერსია, გაგიზიარებთ მას”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ვიზიტი საქართველოსთვის, ნორლანდმა აღნიშნა, რომ ამაზე რამდენიმე დღეში ისაუბრებს მას შემდეგ, რაც ვიზიტის დეტალები იქნება ცნობილი.
20.02.14