გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ტექნიკური დახმარების ნებაყოფლობითი ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრის რანგში სოზარ სუბარის ვიზიტი მექსიკაში გრძელდება. 19 თებერვალს სამეურვეო საბჭოს წევრები მექსიკის პარლამენტის ზედა პალატის – სენატის წევრებს, ასევე ადგილობრივ ინდიელებს შეხვდნენ. შეხვედრების მთავარი თემა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხები იყო.
18 თებერვალს სოზარ სუბარი მექსიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
ხვალისთვის საბჭოს წევრების ნაწილი ქალაქ მონტერეიში გაემგზავრება, ხოლო ნაწილი შეხვედრებს მეხიკოში განაგრძობს.
5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრები მექსიკის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს პირებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან.
ტექნიკური დახმარების ნებაყოფლობითი ფონდი 1987 წელს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის რეზოლუციის საფუძველზე დაარსდა. ფონდის საქმიანობის მიზანი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის მიმართულებით, ეროვნული ინსტიტუტებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევაა. ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრები გაეროს გენერალური მდივნის მიერ სამი წლის ვადით ინიშნებიან.
21.02.14