პოლონეთში, საქართველოს საელჩოში პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც “თბილისი თაიმს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას ესწრებოდა პოლონეთის სეიმისა და სენატის 30-ზე მეტი დეპუტატი.
მათივე ინფორმაციით, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა და პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, მიხალ შჩერბამ.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მოეწყო ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმის – “მანდარინების” ჩვენება, რომელმაც დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ამასთან, შეხვედრის შემდეგ მოეწყო მიღება, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო.
21.02.14