საქართველოში ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ “თბილისი თაიმს” სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან აცნობეს.
კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე აკაკი ლოდია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე, ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ ხურცილავა, ასევე საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები: რომან ფიფია, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ილია კოკაია. კომისიის მუშაობაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება 13 თებერვლის მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული. კომისია საქართველოში ფეხბურთის სამომავლო აღორძნებისთვის გამიზნული მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე იმუშავებს.
კომისიის ძირითადი ამოცანებია: ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი გეგმის შემუშავება; კერძო ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობა საფეხბურთო კლუბების დაფინანსების გაზრდის მიზნით; ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა; მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვა ფეხბურთის მოყვარულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის; უეფას სუპერ თასი 2015-ის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია და 2017 წელს საქართველოში გასამართი უეფას 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამართვის ხელშეწყობა და კოორდინაცია.
24.02.14