საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში დღეს სიტყვითაც გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლების ხედვები და პრიორიტეტები გააცნო. გამოსვლის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დემოკრატიული რეფორმები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ხელისუფლებას ეხმარება, შეინარჩუნოს პოლიტიკური სტაბილურობა, მშვიდობა და სამართლიანობა რეგიონში, განსაკუთრებით იმ საგარეო საფრთხეების და ზეწოლის გათვალისწინებით, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში რეგიონში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა.
პრემიერმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით საქართველოს მთავრობამ დემოკრატიის განმტკიცების მიზნით განახორციელა, მათ შორის კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების გაუმჯობესების, სასამართლო და სისხლის სამართლის სისტემის, ასევე ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პოლიტიკის მიმართულებით.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სასამართლო სისტემის რეფორმა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი წინგადადგმული ნაბიჯი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დემოკრატიული წესით არჩევა იყო.
გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, სისხლის სამართლის კანონმდებლობა ლიბერალური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხდება.
საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, აქტიურად მიმდინარეობს ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამაც.
„ახალმა ხელისუფლებამ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მიზნით ძალისხმევა არ დაიშურა. ჩვენ გავხსენით სასამართლო პროცესი მედიისთვის, ასევე უზრუნველვყოფთ ბრალდებისა და დაცვის მხარეების შეჯიბრებითობას სასამართლოში”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპატივცემულოდ მიღება და სამუშაო სადილი გაიმართა.
ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი და უკვე გამართული შეხვედრები შეაფასა.
26.02.14