აშშ-ში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, შეკითხვა დაუსვა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ვიცე-პრემიერმა თემურ ბასილიამ.
თემურ ბასილია დაინტერესდა, თუ რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ იმ ხალხმა, ვინც წინა რეჟიმის დროს პოლიტიკურად იდევნებოდა და ქვეყანა დატოვეს, სამართალი დაიბრუნონ.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, როდესაც თქვენი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა, ქართველი ხალხი, განსაკუთრებით ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკურ დევნაში იყვნენ, ოპტიმიზმით აივსნენ, რომ მიიღებდნენ სამართალს. თქვენ ასევე იცით, რომ უამრავმა ადამიანმა, ვინც პოლიტიკურად იდევნებოდა, დატოვა საქართველო და აშშ-ში დაიდო ბინა. საქართველოში ახლა ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინა რეჟიმის შეცდომის გამოსწორება და წინა რეჟიმის მსხვერპლთათვის შანსის მიცემაა, თავიდან დაიწყონ ცხოვრება. რა დროში მოხდება ეს და რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა დაიბრუნონ სამართლიანობა?”, – მიმართა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ვიცე-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პასუხის გაცემისას აღნიშნა, სამართლიანობის აღდგენა იყო და არის მისი ადმინისტრაციის დიდი გამოწვევა.
“ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ, რამეთუ ვიცით, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს უამრავმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, როდესაც მათი დაკავება და დევნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო, სამწუხაროდ. ვფიქრობ, ჩვენ თითოეული საქმე ინდივიდუალურად უნდა შევისწავლოთ. არ შემიძლია, პასუხი ახლავე გაგცეთ, მაგრამ მივხედავთ თქვენ საქმეს და შესაბამის უწყებებს მივცემ ინსტრუქციას. სამართლიანობის აღდგენა იყო და არის ჩემი ადმინისტრაციის დიდი გამოწვევა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს პასუხი გავცეთ და გადავჭრათ მათი პრობლემები, რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
26.02.14