„მალტა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვას. განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც მას ბევრი გამოწვევა ელის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე“ – ამის შესახებ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ ანჯელო ფარუჯამ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
მალტის მხრიდან ეს პირველი მაღალი დონის ვიზიტი იყო, რომლის ფარგლებშიც ანჯელო ფარუჯამ შეხვედრები გამართა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და გამყარებას.
„ძალიან ბევრი სფეროა სადაც შეგვიძლია წარმატებულად ვითანამშრომლოთ. განათლება, გარემოს დაცვა, სახმელეთო და საზღვაო ვაჭრობა. ყველაფერი ეს გადახედვას მოითხოვს. აპრილის თვეში მალტის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის დროს ეს საკითხები კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილება“ – განაცხადა ჟურნალისტებთან ანჯელო ფარუჯამ.
“დღეს ჩვენ მალტიდან სერიოზული მხარდაჭერა მივიღეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის პატარა ქვეყანა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ქვეყანა, რომელმაც მიიღო ძალიან დიდი სარგებელი ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ მალტის პოლიტიკური სოლიდარობა და მხარდაჭერა მაღალი დონის ვიზიტით გამოიხატა“- აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრის დასრულებისას.
27.02.14