თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დაადასტუროთ და წარმოაჩინოთ , რომ ქვეყანაში დემოკრატია ზეიმობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად უძღვებოდა.
მისივე თქმით საქართველომ 2012 წელს თავისუფალი არჩევნები ჩაატარა, რასაც ქვეყანას ულოცავს.
“22-ე წელია აშშ-სა და საქართველოს შორის ძლიერი და მზარდი თანამშროლობის დაწყებიდან. ბევრი შედეგი იქნა მიღწეული, ბევრი პროგრესი, მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით. მინდა მოგილოცოთ 2012 წელს თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს შემდგომ განვითარებას. ახლა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მომდევნო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დაადასტუროთ და წარმოაჩინოთ, რომ დემოკრატია ზეიმობს ქვეყანაში, რაც ძლიერი ოპოზიციის არსებობასაც გულისხმობს. დიალოგი, დებატები, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უფრო გააძლიერებს ქვეყანას”, – აღნიშნა ჯონ კერიმ.
სახელმწიფო მდივნის შეფასებით, აშშ-ს საქართველოსთან ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.
“ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა პარტნიორობის კომისიის მეოთხე პლენარულ სესიაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ორმხრივი შეხვედრა გვქონდა და განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები – დაწყებული ეკონომიკური გამოწვევიდან, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, ასევე საგარეო გამოწვევის თემები, ასოცირების ხელშეკრულება, უკრაინაში არსებული ვითარება და სხვა რეგიონული თემები. ჩვენ ქართული ცეკვის ხილვის ბედნიერება გვხვდა წილად – ძალიან კმაყოფილები ვართ ამ დიალოგის გაგრძელების. მე ვყოფილვარ საქართველოში ვიდრე სახელმწიფო მდივანი გავხდებოდი და ვიმედოვნებ, რომ ამ რანგშიც მექნება შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს საქართველოსთან”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
27.02.14