არ მინდა წარსულზე საუბარი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი წარსული ისტორიაა, ჩვენ მომავალზე ორიენტირებული ხელისუფლება ვართ და არ მინდა დროის ხარჯვა წინა მთავრობაზე ფიქრში. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლისას.
“ჩვენ ხალხმა აგვირჩია, მათ აირჩიეს “ქართული ოცნება”, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს ერთადერთი გზა იყო ქვეყანაში დემოკრატიის გადასარჩენად. ხაზს ვუსვამ – დემოკრატიის გადასარჩენად, რადგან ის, რაც მანამდე იყო, არ იყო დემოკრატია, განსაკუთრებით – წინა წლებში – თუ თქვენ გადახედავთ, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2011, 2010, 2009, 2008 და 2007 წლებში, როგორ სასტიკად არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. უნდა გითხრათ, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა თბილისში, 2011 წლის 26 მაისს, როდესაც სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. 100-ზე მეტი მომიტინგე კი დააპატიმრეს და აწამებდნენ, მაგრამ არ მინდა, ამაზე კიდევ ერთხელ საუბარი”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, წინა ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი გასამართლდა, თუმცა პროცესის გამჭვირვალობა, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა გარანტირებულია, ხოლო ვის დააპატიმრებენ და ვის არა, ეს დამოუკიდებელი სასამართლოს გადასაწყვეტია.
“თუ თქვენ დამისახელებთ ერთ საქმეს მაინც, სადაც ეს სამი ელემენტი არ არის გარანტირებული, მაშინ ბოდიშს მოგიხდით. მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ ყველა ეს საქმე ზედმიწევნით გამჭვირვალეა”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მაღალჩინოსნების ხელშეუხებლობისა და დაუსჯელობის თაობაზე.
“რამდენჯერმე მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, დღეს მე ვარ საქართველოს პრემიერი, მაგრამ 5-10 წლის შემდეგ, როდესაც თანამდებობას დავტოვებ და ახალი ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ დანაშაული მაქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, მათ უნდა გამასამართლონ. რატომ? – იმიტომ, რომ მე არ ვარ პრივილეგირებული. მე ამირჩიეს, რათა ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს ვემსახურო და არა – ჩემს პირად საჭიროებებს, ჩემს ოჯახს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
28.02.14