ნათქვამია, რომ ღმერთი ცხოვრებაში ყველას აძლევს იმის შანს, რომ იცხოვროს, მთელი ფილოსოფია კი ამ შანსის გამოცნობააო, ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი კი ცხოვრების რთული და საინტერესო გზების საშუალებით მრავალჯერ დამდგარა იმ, მთავარი შანსის არჩევის წინაშე. საქართველოს ყოფილი შსს მინისტრი, შს ორგანოების დამსახურებული მუშაკი, გადამდგარი გენერალ–ლეიტენანტი, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ეს მცირე ჩამონათვალია იმ წოდებებისა, რომელიც გურამ გვეტაძეს სახელს უკავშირდება. 84 წლის სამხედრო ვეტერანი მიიჩნევს, რომ სიბერე პირობითია იგი სიცოცხლის მეორე ნაწილია, რომელსაც ისევე უნდა ებრძოლო, როგორც ყოველდღიურად – ცხოვრებას . სიბერის წინააღმდეგ ბრძოლა ზოგისთვის რთულია, ზოგისთვის ადვილი, ბატონ გურამს კი ამ გზას წიგნები, საყვარელი საქმის კეთება და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართვა უმარტივებს.
ბატონო გურამ, როგორია თქვენი მოკლე ბიოგრაფია?
ვიყავი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი, ვცხოვრობდი კამოს ქუჩაზე, ახლა უზნაძის ქუჩაა. უბნელებად თუ დავყოფთ თბილისს, პლეხანოველი ბიჭი ვიყავი. ოქროს მედალზე დავამთავრე მე–7 რკინიგზის სკოლა, თუმცა სამწუხაროდ დღეს ეს სკოლა აღარ არსებობს. სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე ჩამებარებინა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, მექანიკა–მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, მიყვარდა ბავშვობიდანვე მანქანები, ტექნიკა. ეს გადაწყვეტილება სხვათაშორის მარტოს არ მიმიღია, მე და ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ალექსანდრე ბუაძემ, რომელიც სამწუხაროდ გარდაცვლილია, ეს პიროვნებაც შემდგომ მინისტრობამდე მივიდა, ერთად გადავწყვიტეთა ჩაბარება. ახალი იყო მაშინ ეს ფაკულტეტი, და სპეციალობა კი რთული. ტექნიკურ ინსტიტუტში სწავლა რთული იყო და ყველა არიდებდა თავს, თუმცა მაინც გადავწყვიტეთ, ახალაგზრდები ვიყავით და სხვანაირი გამბედაობა გვქონდა. შემდგომ, უნივერსიტეტმა კრასნოდარში გადამანაწილა სამუშაოდ, თუმცა უკვე დაოჯახებული ვიყავი და მაშინ ვერ მოხერხდა სამსახურის დაწყება, ამიტომ მერე უკვე მოსკოვმა გადმომანაწილა თბილისის ჩარხ–საშენებელ ქარხანაში, ეს ქარხანა ახალა აღარ არსებობს და საწყობადაა გადაქცეული, მაგრამ იმ დროში დიდი ქარხანა იყო, დაახლოებით 400 კომკავშირელი იყო, ვიყავი ინჟინერი. ჩემთვის ძალიან საამაყო იყო იქ მუშაობა. მე, რომ მივედი ახალი პროდუქციის გამოშვება დავიწყეთ და მერე ჩვენი პროდუქცია პირველად გავიდა ექსპორტზე თურქეთში, ინდოეთში. შემდგომ 1956 წელს პარტიულ სამუშაოზე გადამიყვანეს. 1965 წელს შევარდნაძის შსს–ს მინისტრად დანიშვნის დროს დამიძახეს, როგორც ძველ კომკავშირელს. ვიყავი სამმართველოს უფროსის მოადგილე, მერე უფროსი, მერე მინსიტრის მოადგილე და 1979 წელს დამნიშნეს შსს მინსიტრად. მინისტრობის პერიოდზე მერე გესაუბრებით, ახლა ბოლომდე რომ გავიდე 1986 წელს უკვე კადრების ცვლილება მოხდა, მე შვიდი წელი ვიყავი მინისტრი, შევარდნაძემ რამდენიმე თვით გამისწრო. სხვათაშორის სარეკორდოა, რადგან როგორც წესი ძალიან მალე ხდება ხოლმე პოლიტიკური ცვლილებები. ამის შემდეგ მოვხვდი ფინანსთა სამინისტროში, იქაც შვიდი წელიწადი ვმუშაობდი ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსების დარგში. გავიდა წლები და გავხდი ვეტერანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტში ვმუშაობდი და იქაც 7 წელი გავატარე. ახლა ასაკმაც მიწია, გამოვედი კავშირიდან ვარ სამხედრო პენსიონერი, უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ პენსია გამეზარდა. აქტიურად ვთანამშრომლობ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც ვეტერანების მიერ არის დაარსებული. მაქვს ჩემი ნაკვეთი, სადაც ბაღი მაქვს გაშენებული. ახლა ერთი სული მაქვს, როდის მოვა გაზაფხული, რომ ვინახულო ჩემი ბაღი. თავისუფალ დროს ვხვდები მეგობრებს ვინც ცოცხლები არიან, სამწუხაროდ მათი უმეტესობა უკვე დაღუპულია. ვკითხულობ წიგნებს, დაახლოებით ორი ათასამდე წიგნი დამიგროვდა . ესაა ჩემი ყოველდღიურობა, … ვარ 84 წლის და ყოველშემთხვევაში ჯერ თავს არ ვგრძნობ ბებერად. ზოგი მეუბნება, რა გინდა დაჯექი, მოისვენე, მაგრამ ყველას ვეუბნები, სიბერეს უნდა შეებრძოლო. რომ მირეკავენ როგორ ხარო – ვპასუხობ, ვებრძვი სიბერესთქო. ვებრძვი წიგნებით, მეგობრებით, საზოგადოებრივი საქმიანობის კეთებით…
ვინ იქონია გავლენა თქვენი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში?
მთელი ცხოვრების განმავლობაში ბევრ ადამიანთან მიხდებოდა ურთიერთობა, ასე კონკრეტულად არავინ არის, თუმცა ჩემს, როგორც პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი ოჯახს მიუძღვის, ოჯახის შემდგომ შემიძლია რამდენიმე კონკრეტული ადამიანი დავასახელო, რომლებთანაც წლების განმავლობაში მიწევდა კონტაქტი, მათგან ბევრი ვისწავლე. როგორც ვთქვი, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში მიწევდა მუშაობა, თუმცა არცერთის სპეციალისტი არ ვყოფილვარ. მაგრამ სპეციალისტების დასკვენბსა და რჩევებს ვიზიარებდი. ერთ–ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ, გენერალი ვარლამ შადური, რომელსაც უზადო გამოცდილება ჰქონდა. მის მოადგილედ დამნიშნეს პატარა ბიჭი, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ მქონდა და ვიყავი აბსოლუტურად მისი გავლენის ქვეშ სანამ ჩამოვყალიბდებოდი ბოლომდე. ასეთი ადამიანები იყვნენ დათო იაკობიძე, ვალერიან თალაკვერიძე, რომელთა რჩევებსაც გამუდმებით ვუგდებდი ყურს.
გარემო, რომელშიც იზრდებოდით, ტრადიციული ოჯახი გქონდათ?
კი, ტრადიციული ოჯახი მქონდა ნამდვილად, ახლა რელიგიური კუთხით, რომ განვიხილოთ არ ვყოფილვართ ძალიან მორწმუნეები, თან მაშინ ცოტა სხვა პერიოდი იყო, თუმცა ყველა რელიგიურ დღესასწაულს აღვნიშნავდით. ჩემი მშობლებიც მკაცრები იყვნენ, დედა ექიმი, სტომატოლოგი გახლდათ , მამაჩემი ვანო გვეტაძე ეკონომისტი იყო, დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ძმა მყავდა, რომელიც სამწუხაროდ გარდაცვლილია. ოჯახში კარჩაკეტილი ურთიერთობა არასდროს გვქონია, არც გარეთ. პლეხანოველ ბიჭად ვთვლიდი თავს, მყავდა ძმაკაცები, კარგი სამეგობრო. მაშინ ცალკე სკოლებში ბიჭები ვსწავლობდით, ცალკე სკოლებში გოგოები, ერთ ბზობა დღეს სწორედ ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში გავიცანი ჩემი მეუღლე. ასე მიდიოდა ჩემი ახალგაზრდობის წლები ჩემს მეგობრებთან ერთად, დავდიოდით თეატრებში, ვერთობოდით სხვადასხვა გასართობებით. ყველაზე ახლო მეგობრებიდან ერთი ზემოთ ვახსენე, ერთიც გენერალი სანდრო კავსაძეა,რომელიც წლების წინ მღვდელი გახდა, ამჟამად, მცხეთაშია დიაკვანად.
„თვითონ კაცს უნდა ჰქონდეს ღირსება, რომ სხვისი ღირსება აღიარო“ – ბატონო გურამ, რომელია თქვენი ყველაზე მთავარი ღირსება და სხვა ადამიანებში რა ღირსებებს აფასებთ?
საკუთარზე, ცოტა მიჭირს ლაპარაკი, ადამიანის, კაცის მთავარი ღირსება უნდა იყოს გულწრფელობა, შრომისმოყვარეობა, არ უნდა ჰქონდეს ადამიანს რაღაც პირადი მომხვეჭველობისკენ მიდრეკილება, უნდა დაკმაყოფილდეს იმით რაც აქვს. საბედნიეროდ ახლა, რომ ვუფიქრდები ჩემი გარემოცვა – ჩემი მეგობრები და ის ადამიანები ვისთანაც ხშირად მიწევდა ურთიერთობა, კონტაქტი სწორედ ასეთი ადამიანები იყვნენ.
ნათქვამია ადამიანი უნდა იყო როგორც სკიდან გამოსული ფუტკარი, ყველგან უნდა შეაგროვო ნექტარი და გადაამუშავო, გამოცდილებას უნდა ეძიებდე, თქვენი სამსახურეობრივი ბიოგრაფიიდან ჩანს, რომ საკმაოდ დიდი მუშაობის გამოცდილება გაქვთ… რა გზა გაიარეთ სანამ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი გახდებოდით, იყო თუ არა ეს გზა რთული და დაბრკოლებებით სავსე?
როგორც ზემოთ ჩემს ბიოგრაფიაზე საუბრის დროს აღვნიშნე, შს სამინისტრომდე დიდი გზა გავიარე, სულ სხვა პროფესიის ვიყავი და სულ სხვა ადგილას აღმოვჩნდი. ბევრ ადგილას მიმუშავია, სხვადასხვა სამინისტროში. საბოლოოდ, 1979 წელს მინისტრი გავხდი, უნდა აღინიშნოს, რომ სულ ცოტახნის წინ გამოვიდა წიგნი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი მინისტრების შესახებ. წიგნში ჩვენი მოკლე ბიოგრაფიებია ანუ მინისტრების 1918 წლიდან დღემდე.
მე მეთვრამეტე მინისტრი ვიყავი, ზოგადად ეს ისეთი თანამდებობაა ვერ ამთავრებენ მშვიდად ან კარიერის დროს ხდება ისეთი, რამ რაც მათ პიროვნებას დაღს უსვამს, ან მინისტრობის შემდეგ აპატიმრებენ, ადრე ხვრეტდნენ და ა.შ. ახლა ამ წიგნში ვინც არიან დაახლოებით ექვსი თუ შვიდი კაცი ჯერ მარტო დახვრეტილია და დანარჩენები დაპატიმრებულებიც იყვნენ. მე შვიდი წელი წყნარად და მშვიდად ვიმუშავე და ასევე დამთავრდა ჩემი, როგორც მინსიტრის კარიერაც. რაც შეეხება სირთულეებს, ყველაზე მთავარი სირთულე მამაჩემის ისტორია იყო, რომლის გამოც სულ მქონდა შიში, რომ ხელი შემეშლებოდა რაიმეში. ბავშვობაში ყოველთვის მესმოდა ხოლმე ყურმოკვრით, რომ მამაჩემი, ვანო დაპატიმრებული იყო და რეპრესირებულად თვლიდნენ, ანტისაბჭოთა ელემენტს უწოდებდნენ, ამის გამო პირველ რიგში, გადავწყვიტე სამეცნიერო საქმიანობისთვის მომეკიდა ხელი, ტვინს ხომ მაინც ვერ ამომაცლიდნენ კომუნისტები, ტვინი ჩემი იყო, თუმცა მაინც არ დამცალდა. შემდგომ, როგორც გაირკვა სანამ მინისტრი გავხდებოდი დამიბარეს მოსკოვში, სადაც ჩემი პირადი საქმე მანახეს. 1924 წელს მამაჩემი დააკავეს იმის გამო, რომ რუსული ჯარის შემოსვლის საწინააღმდეგო აქციაში მიიღო მონაწილეობა და 4 წელი მიუსაჯეს. თუმცა, მამა რეპრესირებული, რომ ყოფილიყო ან რაიმე ასეთი, მე მინისტრად არავინ დამნიშნავდა. პირად საქმეშიც დამოწმებული იყო შევარდნაძის და სხვების ხელმოწერებით, რომ მამაჩემი არ იყო დადანაშაულებული ანტისაბჭოურ საქმიანობაში.
სირთულეები ბევრი იყო, ჩემს წიგნში – „გენერლის მოგონებათა ზარდახშა“ ბევრი ასეთი სირთულის შესახებ მიწერია. ახლა, რომ ვუფიქრდები, ერთ–ერთ რთულ პერიოდად სწორედ „თვითმფინავის ბიჭების“ საქმე მიმაჩნია. რა არ გადავიტანეთ მაშინ სამინისტრომ, მოქალაქეებმა, დაღუპულების თუ ამ ახალგაზრდების ოჯახებმა. არც ამ ახალგაზრდებს ჰქონდათ საქმე გასაქცევად, მე ჩემს წინგში მათ შესახებ საკმაოდ ბევრი ვისაუბრე. დიდი ნაწილი მაქვს დათმობილი. მაშინ უბრალოდ ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. ნამდვილად რთული იყო, შეიძლება მაშინ კიდე ვერ ვხვდებოდი მაგრამ ახლა უფრო რთულად მეჩვენება.
თქვენ იყავით შინაგან საქმეტა მინისტრი, ხელმძღვანელ თანამდებობაზე, პრინციპები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს?
მინისტრობის პერიოდში და მანამდეც, ყოველთვის ვცდილობდი კანონის დაცვას, მის უზენაესობას ვაღიარებდი. ეს იყო ჩემი მთავარი პრინციპი, სხვა დანარჩენებთან ერთად. არ მომწონდა ადამიანის ეს გაშმაგებული სურვილი პირადი მომხვეჭველობისკენ. ჩემი მინისტრობის განმავლობაში, როგორც ხშირად ხდება არ გავმდიდრებულვარ, ახლა როგორც ხედავთ მშობლების სახლში ვცხოვრობ, მაშინაც აქ ვცხოვრობდი, მიყვარს ეს სახლი ძალიან. არ ამიგია სასახლეები. ვკმაყოფილდებოდი იმით რაც მქონდა და ახლაც კმაყოფილი ვარ.
როგორ უთავსებდით ოჯახსა და თქვენს პირად საქმიანობას ერთმანეთს?
ალბათ, ამ კითხვაზე უფრო ზუსტ პასუხს ჩემი მეუღლე გაგცემთ, მაგრამ ვინც არ უნდა გაგცეთ პასუხი მაინც ერთი და იგივე იქნება. რა თქმა უნდა, მინისტრობამ, სამსახურმა დიდი გავლენა იქონია ოჯახთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ვერ ვახერხებდი ხშირად მათ გვერდზე ყოფნას, სულ დაძაბულები ვიყავით, რადგან შეიძლებოდა უცბად რაიმე მომხდარიყო და ღამე წავსულიყავი, რამდენიმე დღე სახლშიც ვერ მოვდიოდი. მაგრამ ზაფხულობით შვებულებისას, ერთად ვატარებდით სულ დროს, დავდიოდით სხვადასხვა ადგილებში და ამით ვინაზღაურებდი იმ დაკარგულ დღეებს.
თქვენი მინისტრობის შემდგომ საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები მოხვდა, თქვენი აზრით რა შეცდომები დაუშვეს თქვენს შემდგომ დანიშლულმა თუ მოსულმა კოლეგა მინისტრემბა?
შეცდომები, რა თქმა უნდა, ბევრი იყო, არა მარტო შსს–ში არამედ თითქმის ყველა სტრუქტურაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ–ერთ მთავარ პრობლემად დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულების გაუმართაობა მიმჩნია. ჩემ შემდეგ და დღემდეც ვერ მოგვარდა ეს დიდი პრობლემა,რომელიც სხვა ათას პრობლემას იწვევს თავის მხრივ. საუბარი მაქვს იმაზე, რომ ჩვენს პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემა ძალიან გამართული იყო, პატიმრებს სამსახური ჰქონდათ სახელმწიფო და საზოგადო საქმიანობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, დღეს კი ამდენი ათასი კაცი თავიანთ ოთახებში არიან გამოკეტილნი და არაფერს აკეთებენ. შეიძლება ყველაფრის, ყველანაირი რესურსის გამოყენება, რომელიც სასიკეთო იქნება პატიმრებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც.
როგორ შეაფასებთ თანამედროვე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, მის საქმიანობას, რას შეცვლიდით ახლა,რომ მინისტრი იყოთ?
ძნელი სათქმელია კონკრეტულად რას შევცვლიდი, დღევანდელი პირობები, რაც ახლა აქვს სამინისტროს ძალიან კარგია და ამ პირობების ქვეშ უფრო ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ვიდრე ესენი აკეთებენ. ჩვენ ბრეჟნევის პერიოდში მოგვიწია მუშაობა, გვქონდა ბევრი შეზღუდვა, არანაირი კონტაქტები სხვა ქვეყნებთან და ა.შ. დღესდღეობით, კი სამინისტროს საკმაოდ წარმატებული საგარეო პოლიტიკის წარმოება შეუძლია, თან ინტერპოლთან აქვთ კავშირები. თუმცა, ამის მიუხედავად მაინც ჩაკეტილია სისტემა, ახლა, რომ ვიყო მინისტრი ახლაც ამ პრეცედენტს დავამკვიდრებდი. სისტემა იყო ღია ნებისმიერი ადამიანისათვის, გვქონდა მატერიალურიი ბაზა, რომელში შესვლაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, ეს იყო ინტელიგენცია, პროფესორები, რომლებიც სხვადასხვა საკითხებზე აზრს გამოთქვამდნენ, ვიგებდით მათ მოთხოვნებს და შეძლებისადგვარად ხალხის აზრს ვიზიარებდით. ეს იყო საკმაოდ წარმატებული, საზოგადოების აზრის შესწავლის მექანიზმი, გვეუბნებოდნენ თითოეულს რა სახის დანაშაული აწუხებდათ, ასეთი სისტემა შევარდნაძის პერიოდშიც იყო, ჩემ შემდეგაც მაგრამ სამწუხაროდ მალევე მოიშალა. ახლა კი, დღევანდელი შს სამინისტრო დაემგვანა 40–იან წლების სამინისტროს, საუბარი მაქვს ივანე მერაბიშვილის პერიოდში და დღემდეც. უნდა გამოიყენონ კადრები, ვინც უკეთ იცის ეს საქმე. ერთ–ერთ ასეთ ადამიანად მესახება ვახტანგ ჯაფარიძე, რომელიც ექსპერტია ამ საკითხებში. ასევე აუცილებლად უნდა მოისმინონ ხალხის აზრი.
ახლა, როდესაც წარსულში იხედებით, რას ფიქრობთ რა იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო მოვლენა ან პერიოდი,რომელმაც თავი დაგამახსოვრათ, დღეს ამ გადმოსახედიდან ცხოვრება არ გეჩვენებათ რთულად?
შსს მინისტრობის თანამდებობას თუ შევეხებით ნამდვილად არ ყოფილა სასიამოვნო პერიოდი, იყო ძალიან ბევრი სირთულე. ყველაზე სასიამოვნო მოვლენა ჩემი შვილის დაბადება იყო, შემდეგ შვილიშვილის, ეს ისეთი შემთხვევებია , რომლებიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდებად ითვლება. ემოციურად დატვირთული ცხოვრება მქონდა კარიერული თვალსაზრისითაც, ერთ–ერთ ასეთ შემთხვევად გამახსენდა ჩემი ცუდად ყოფნის პერიოდი, ჯანმრთელობის გაუარესება, რომელიც ახლა სასიამოვნოდ მახსენდება.
მოსკოვში საავადმყოფოში ვიწექი რამდენიმე ხნის განმავლობაში, კუჭთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ოპერაცია გამირთულდა და ექიმები ფიქრობდნენ, რომ მდგომარეობიდან ვეღარ გამოვიდოდი, თუმცა იმ დღეებში თბილისიდან მოიტანეს გაზეთი, ნოემბრის თვე იყო ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა და იმ გაზეთში ეწერა, რომ მომანიჭეს გენერალ – ლეიტენანტის წოდება. ამ დიდმა სიხარულმა ულევი ენერგია მომცა და ასე ვთქვათ, გამომიყვანა იმ მდგომარეობიდან.
რა გაძლევთ სტიმულს ცხოვრებაში?
როგორც გითხარით არ ვჩერდები, ჩართული ვარ სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში, ეს მაძლევს სტიმულს ცხოვრებაში. სულ ვცდილობ რამით შევიტანო წვლილი ჩემი ქვეყნის კეთილდღეობაში. ჩვენ ვეტერანები ვიკრიბებით, ვბჭობთ რა არის გასაკეთებელი, რა არ მოგვწონს. ამას წინებზე, შევიტანეთ განცხადება თბილისის მერიაში დავით აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, ოცმა გენერალმა მოვაწერეთ ხელი. შინაგანი პროტესტი გვაქვს, ყველაფერზე ჩვენ აზრს გამოვთქვამთ.
თქვენი არარეალიზებული ოცნება?
ერთადერთი რაც მახსენდება და რაზეც გულდაწყვეტილი ვარ არის ის, რომ ყოველთვის მინდოდა მქონოდა დიდი ოჯახი, მიყვარს ხალხმრავლობა. გულნაკლული ვარ ამაზე, რომ ოჯახი არ გაიზარდა. დღესდღეობით ვცხოვრობ ჩემს მეუღლესთან, ერთ ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად. სანდრო 25 წლისაა, ფეხბურთელია, კლუბ „გორის დილაში“ მიიწვიეს, თუმცა განსხვავებული პროფესია აქვს.
ბატონო გურამ, თქვენი აზრით, რა არის ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია?
ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია არის რწმენა, ის წინ უნდა გაიძღოლო და არასდროს დაკარგო. უნდა იყო მიზანდასახული და გქონდეს რწმენა, რომ რაღაც მიიტანო ბოლომდე, რაღაცას მიაღწიო და გამოგივიდეს.
სხვათაშორის ეს ჩემი ხასიათის თვისებაა, არასდროს მიმიტოვებია საქმე შუაგზაზე, სულ ბოლომდე მიმიყვანია. შეიძება ამ საქმეს უარყოფითი შედეგი ჰქონოდა, მაგრამ ესეც შედეგია. კეთილშობილება კი ყველანაირი მიზნის მიღწევაში დაგეხმარება, მთავარია იყო მართალი შენთავთან, მერე სხვებთან და ყველაფერი გამოგივა.
03.03.14
ნათია კეკენაძე
Discussion about this post