ვენაში ეუთო-ს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც უკრაინაში შექმნილ კრიზისს შეეხო, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი სიტყვით გამოვიდა. მან სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მთავრობისა და ხალხის მიმართ, დაგმო რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედება და მოუწოდა მას შეასრულოს 1994 წლის 5 დეკემბრის ბუდაპეშტის მემორანდუმით და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმებით აღებული ვალდებულებები.
საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა შექმნილი ვითარების განსამუხტად, საერთაშორისო თანამეგობრობის და მათ შორის ეუთო-ს ჩართულობის აუცილებლობაზე, რათა არ განმეორდეს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის ოკუპაცია, რაც საქართველოს შემთხვევაში 2008 წლის აგვისტოში განხორციელდა. ქართველმა დიპლომატმა შეახსენა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ამჟამადაც რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, და რომ უკრაინაში შექმნილი კრიზისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების მნიშვნელობას.
საქართველოს ელჩმა, თავის გამოსვლაში, მხარი დაუჭირა უკრაინაში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარგზავნას და გამოხატა ქართული მხარის მზადყოფნა აღნიშნულ მისიაში ჩართვასთან დაკავშირებით. კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ იქნება მიმართული. გამოსვლის ბოლოს საქართველოს ელჩმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებებისგან და პატივი სცეს მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომა 3 მარტს გაიმართა.
04.03.14