რუსთავში, შსს-ს მომსახურების სააგენტოში ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების პრეზენტაცია გაიმართა. შსს მომსახურების სააგენტო, 2014 წლის შემოდგომიდან, სატრანსპორტო საშუალებებზე ევროსტანდარტების მიხედვით სანომრე ნიშნების ფორმისა და დიზაინის შეცვლას გეგმავს.
სხვადასხვა ტიპის სანომრე ნიშნების არსებული ფასი ახალ სანომრე ნიშნებზეც გავრცელდება. შსს-ს მომსახურების სააგენტო მათ, ვისაც ფასიანი სანომრე ნიშნები აქვს აღებული, ძველი სანომრე ნიშნის იგივე ფასიან ახალ სანომრე ნიშანში გადაცვლას დამატებითი გადასახადების გარეშე სთავაზობს.
სააგენტოს ხელმძღვანელის, ოთარ დანელის განცხადებით, არსებული სანომრე ნიშნები იცვლება ახალი დიზაინის სანომრე ნიშნებით, თუმცა ეს ნებაყოფლობითია და მომხმარებელს შეუძლია, არსებული სანომრე ნიშნებით 2030 წლამდე ისარგებლოს და ახლით არ შეცვალოს.
“იცვლება სანომრე ნიშნების დიზაინი. აღნიშნული სანომრე ნიშნის შეცვლა არ იქნება სავალდებულო. ძველი სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა თვადაპირველად ვგეგმავდით, რომ ყოფილიყო 10 წელი, მაგრამ გავზარდეთ და 2030 წლამდე იქნება მათი გამოყენება შესაძლებელი. ძველი სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა იგივე სატარიფო პოლიტიკით იქნება შესაძლებელი, რაც ამჟამად მოქმედებს მომსახურების სააგენტოში. ფასიან ნომრებს რაც შეეხება, მომხმარებლებს ექნებათ საშუალება, იდენტურ ფასიან ნომერში ს უფასოდ გადაცვალონ,” – განაცხადა ოთარ დანელიამ.
რაც შეეხება დიზაინს, ახალი სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში იქნება საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი (GE). შეიცვლება ციფრებისა და ლათინური სიმბოლოების წყობაც: მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებულ წყვილ ლათინურ სიმბოლოებს შორის იქნება განლაგებული სამი ციფრი. სანომრე ნიშნის დაცულობის მიზნით, ახალ სანომრე ნიშნებს ექნება ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა – სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ასევე გამოყენებული იქნება ევროსტანდარტების შესაბამისი სხვა დამცავი მექანიზმები.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საქართველოს ავტოპარკის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილებისთვის მომხმარებელს საშუალება ექნება, აიღოს და ავტომობილზე განათავსოს შესაბამისი ზომის კვადრატული სანომრე ნიშნები.
ცვლილებები შეეხებათ მისაბმელ სატრანსპორტო საშუალებებსაც. მომსახურების სააგენტო განახლებული დიზაინის სანომრე ნიშნების დამზადება-შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს. სატენდერო პირობები ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდება.
05.03.14