რუსეთის ქმედებები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა, რამაც ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად რამდენიმე საპასუხო ნაბიჯის გადადგმამდე მიგვიყვანა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა.
ამასთან, თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ არსებობს სიტუაციის დიპლომატიური გზით გადაჭრის შესაძლებლობა რუსეთის ინტერესების, უკრაინელი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის გათვალისწინებით.
“ეს გზა ითვალისწინებს უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებას შორის პირდაპირი დიალოგის გამართვას, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით. საერთაშორისო დამკვირვებლები უზრუნველყოფენ უკრაინის ყველა მოქალაქის, მათ შორის ეთნიკური რუსების უფლებების დაცვას”, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, რომ რუსეთის ჯარები დაუბრუნდნენ თავიანთ ბაზებს. მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა, ერთობლივი ძალისხმევით, მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს მაისის საპრეზიდენტო არჩევნების მომზადებაში.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ობამამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი გააგრძელებს დისკუსიებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, უკრაინის ხელისუფლებასთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მიუახლოვდნენ ამ მიზნებს.
ამასთან, “ბიბისის” ინფორმაციით, თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბარაქ ობამას განუცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია იგნორირება გაუწიოს ყირიმის მოთხოვნებს დახმარების თაობაზე. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ადეკვატურად მოქმედებს.
ვლადიმერ პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა არ უნდა დაზარალდეს.
“აშშ-რუსეთის ურთიერთობები არ უნდა ემსხვერპლოს ცალკეულ, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პრობლემებს”, – ციტირებს “ბიბისი” კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
ბოლო ექვსი დღის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის, ეს რიგით მეორე სატელეფონო საუბარი იყო უკრაინაში შექმნილი ვითარების თაობაზე.
07.03.14