კულტურის სამინისტროს მუშაობას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები აფასებენ. საქართველოში დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუშაობის მიმართ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი აკრიტიკებს მის მუშაობას, ნაწილი ამ კრიტიკას არ იზიარებს, ზოგიც ამბობს, რომ საჭიროა მეტი გაკეთდეს ქართული კულტურის განვითარების საქმეში. საზოგადოება კი ბევრად მეტს მოითხოვს. ,,თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ კითხვაზე პასუხს, როგორ შეაფასებდით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუშაობას?
ქეთი დოლიძე – რეჟისორი: ,,საქართველოს კულტურის სამინისტროს მუშაობას ნორმალურად ვაფასებ, მაგრამ უფრო უნდა დაიხვეწოს და მეტი მოთხოვოს ხელისუფლებას“.
გიორგი ყიფშიძე – მსახიობი: ,,საქართველოს კულტურის სამინისტროში საერთოდ არანაირი ქმედება არ ჩანს. არ ჩანს არანაირი ცვლილება და წინსვლა. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს საქართველოს კულტურის პოლიტიკა. დაფინანსება უნდა გაეზარდოს კულტურულ პროექტებს, კინოს და თეატრებს“.
აკო ხარისთვალაშვილი – ფოტოგრაფი, მხატვარი: “ვერ გეტყვით, რომ კმაყოფილი ვარ. ზოგადად ქვეყანაში არის მძიმე მდგომარეობა კულტურაში, ხელოვნებაში. სასწრაფოდ უნდა მოხდეს რაიმე სამოქმედო გეგმის და პოლიტიკის შემუშავება. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ისინი ვერ ახერხებენ აქ საკუთარი ნიჭის რეალიზებას. სამწუხაროა, რომ დღეს ასეთი რელობაა. სამინისტროს ვურჩევდი, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცია საავტორო უფლებების დაცვაზე. თითქოს მიშვებული თავისუფალი კონკურენციის პირობებში ძალიან გაფუჭდა გემოვნება და შესაბამისად ბაზარიც, თუ შეიძლება ასე ითქვას. იმუშაონ ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაზე და დაეხმარონ მათ რეალიზებაში. ზოგადად ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი სისტება, რომ ადვილად შეძლონ ნიჭიერმა ადამიანებმა საკუთარი თავის რეალიზება. როგორც მოგეხსენებათ ხელოვან ადამიანებს ცოტა რთული ხასიათი აქვთ და მათ ძალიან სჭირდებათ ხელშეწყობა. რთულია თითოეულ ადამიანს გამოეკიდო, ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სისტემა, სადაც ადვილად შეძლებენ რეალიზებას. კარგი იქნება თუ ავხმაურდებით, ამისთვის თავს არ დაზოგავენ ჩვენი საზოგადოების ნიჭიერი წარმომადგენლები, მთავარია გვერდში დგომა იგრძნობოდეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სისტემური ხელშეწყობა“.
ლილიკო ნემსაძე – კომპოზიტორი: „რასაკვირველია მეტი ყურადღების მიქცევა უნდა ქართულ ხელოვნებას და ხელოვან ხალხს.“
გიორგი ბარბაქაძე – მოცეკვავე : ,,ჩემი სპეციალობით ვარ მოცეკვავე, ქორეოგრაფი, დღემდე ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო. ვცდილობ მაქსიმალური გავაკეთო იმისათვის, რომ დაფასებული იყოს ის შრომა რასაც ვემსახურები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე არ არის. კულტურა ქართველი ხალხისთვის ერთ-ერთი მთავარი ფესვია და იმდენად უნდა იყოს დაცული და შეფუთული, რომ საქართველოში ახალმა თაობებმა ისწავლონ ჩვენგან და შეისწავლონ. დღევანდელ დღემდე კი ჩემთვის ცნობილია (ჩემი მეგობრების მაგალითს ავიღებ) ძალიან ბევრი ადამიანი მიემგზავრება საზღვარგარეთ, რომ მათ ეს დაუფასდეთ. საქართველოს კი ეს ნიჭიერება აკლდება. მართალია უამრავი ადამიანი გვყავს ნიჭიერი და ერთი მეორეს ცვლის, მაგრამ ერთდღესაც გაქრება, თუ არ დაფასდა კულტურა და ვინც ემსახურება კულტურის სფეროს. ძეგლთა დაცვის შესახებ კი ერთს დავაფიქსირებ, რომ რამდენი ცნობილი ადამიანის ძეგლია და უამრავი ახალი თაობა მოძრაობს. ამით მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში არცერთხელ არ გაშუქებულა იმ ადამიანის იუბილე, რომლის ძეგლიც არის თბილისში ან სხვა ქალაქებში. დარწმუნებული ვარ კითხვა, რომ დაისვას, თუ ვისი ძეგლია, ბევრი ვერ გასცემს ამ კითხვას პასუხს. ასე, რომ თუ ადამიანს დაუდგეს ძეგლი და ამდენად ღირსეული იყო მისი სახელიც უნდა შენარჩუნდეს“.
გიორგი ოვაშვილი – რეჟისორი: ,,მე მხოლოდ ჩემს შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტრო ნამდვილად დამეხმარა ჩემი ახალი ფილმის შექმნის პროცესში. განსაკუთრებით პირადად მინისტრი. დარწმუნებული ვარ, მას შესანიშნავად ესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს კულტურას და ხელოვნებას ქვეყნისთვის“.
მანანა მენაბდე – მუსიკოსი: ,,მე უკვე დიდი ხანია წასული ვარ საქართველოდან და ვერაფერს გეტყვით კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებით. ერთი, რამ შემიძლია გითხრათ, რასაც მხოლოდ წელს გადავეკვეთე. მათ მხარი დაუჭირეს გამომცემლობასთან ,,USTARS” სადაც ახლახანს ჩემი იგავ-არაკები გამოიცა და დააფინანსეს ჩემი წიგნი და მისი პრეზენტაცია. სულ ესაა ჩემი კულტურის სამინისტროსთან გადაკვეთა.
ზურა მანჯავიძე – მომღერალი: ,, კულტურის სამინისტრო ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ ათჯერ მეტი უნდა გააკეთონ“.
ტატა ბლიაძე – მხატვარი: ,,დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებ. ხალხთა შორის არ არსებობს სწორი ურთიერთობები, ბუნებრივია ქვეყანაში უნდა იყოს სხვადასხვა ღირებულებების მქონე საზოგადოება, მაგრამ მათ შორის მუდმივად განხეთქილება არ უნდა არსებობდეს. არ გააჩნიათ სოლიდარობა და ჰუმანურობის სწორი განცდა. ხშირად ცუდის პროპაგანდა ხდება და რადგან დიალოგის კულტურაც არ არსებობს აქ, შემდეგ ამას არანაირი დისკუსია არ შველის. ინტელექტის დონე დაბალია. კარგი იქნებოდა უფრო მრავალფეროვნად და სწორად ხდებოდეს ნებისმიერი ღონისძიება და საზოგადოებრივი საქმიანობის აფიშირება და არ სჭირდებოდეს ჯერ საზღვარგარეთ შეფასება, თუ დაფასება ამ ყველაფრის და შემდეგ საქართველოში. მაგრამ როდის იყო მატერიალურად და ფიზიკურად დამშეულ, გადაგვარებულ ხალხს სულიერი და კულტურული საზრდო აინტერესებდა“.
ირაკლი ჩოლოყაშვილი – მსახიობი: ,,კვირა არ გადის ისე, რომ კულტურის სამინისტროსთან აქცია არ გაიმართოს… ამ მხრივ, სხვა სამინისტროები ჩამორჩებიან“.
გიორგი ჯაჯანიძე – ფსიქოლოგი, ტელეწამყვანი: ,,რასაც ვუყურებ ტელევიზიით და პრესით ვეცნობი, კულტურის სამინისტროს აქვს დიდი მცდელობა გააკეთოს ბევრი საქმე. როგორც ვხედავ ბევრი სირთულეებია სამინისტროში, რასაც მე ჩვენს მენტალიტეტს და არაპროფესიონალიზმს ვაბრალებ. ვფიქრობ ყველა საქმე იქნება დაძლეული, მაგრამ ჩვენ ხომ მუდმივად გვეჩქარება“.
პაატა თედიაშვილი – მომღერალი : ,,საერთოდ გაურკვეველია რა პრონციპით შეირჩა კადრები, რომლებიც მუშაობენ კულტურის სამინისტროში. ხალხისთვის საყვარელი და ღვაწლმოსილი ხელოვანები გარეთ დარჩნენ, რომელთაც ნამდვილად ეთქმით სიტყვა და უკვე ბევრი რამ გაუკეთებიათ კულტურის პოპულარიზაციისთვის და ახლის თანაც ღირებულის შექმნაში. სამინისტროს თანამედროვე აზროვნება აკლია. ის გალა კონცერტი, რომელიც ვნაეთ ახალ წელს კიდევ ერთი კრახი იყო ქართული ესტრადისთვის. სცენაზე ისტერიკა და უმეცრება სუფევდა. ისევ ნაცნობ სახეებს აქვთ სადავეები და ტელეპროექტები კიდევ აგრძელებს მსმენელის გარყვნას ქავერებით. ვფიქრობ ამ საქმეში კულტურის სამინისტრო უნდა ჩაერიოს და ეროვნულს მიექცეს ყურადღება. უნდა შეიქმნას ავტორშემსრულებელთა კონკურსები. უნდა წახალისდნენ მივიწყებული ქართველი კომპოზიტორები. უნდა შეიქმნას ბევრი ახალი ქართული სიმღერა და ყველაზე მთავარი – სად არიან კინოკრიტიკოსები? ამხელა ისტორიის და ლიტერატურის მქონე ერის მასალა იკარგება და ვიღებთ თითიდან გამოწოვილ თემებს. ფილმის ჩვენება მთავრდება და არაფერი გრჩება. არ იქმნება ვარსკვლავი და კინომუსიკა ნულის დონეა. რისი თქმა სურს რეჟისორს ვერ გაიგებ. უნდა შეიქმნას ხელოვნების კრიტიკოსთა სპეციალური ინსტიტუტი. ყველაფერი, რაც ტელეეთერით ხვდება ჩემს თვალსაწიერში მახსენებს კონსტანტინეს სიტყვებს ,,ზოგიერთი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანს ჰგავს, ჩაამთავრებ და იტყვი ნეტავ საერთოდ არ წამეკიტხაო“. კულტურის სამინისტრო დიდი ძალა უნდა იყოს და არა ინფანტილური დაწესებულება. ის უნდა ქმნიდეს რევოლუციას და არა პოლიტიკური პარლამენტი“.
07.03.14
გიორგი ჩუბინიძე