საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას პროვოკაციად აფასებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვაკის სასაფლაოზე ეროვნული გმირის საფლავის ყვავილებით შემკობის შემდეგ განუცხადა.
“ეს არის დარღვევა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმების, რომლითაც ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა, არამედ ეს არის კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევა, რაც აგრეთვე არის მოქმედი შეთანხმებების დარღვევა. მე ამას აღვიქვამ, როგორც პროვოკაციად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რეგიონში რთული ვითარებაა და აქედან გამომდინარე, ქართული მხარე უნდა იყოს უაღრესად ფრთხილად, რათა არ წამოეგოს პროვოკაციებს.
“ასეთ ნაბიჯებს ჩვენ ვპასუხობთ კოორდინირებული მუშაობით, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმას, როგორ ვითარდება სიტუაცია რეგიონში და როგორ ვითარდება ეს სიტუაცია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში”, – აღნიშნა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ პროვოკაციებს ჩვენ არ ავყვებით.
გუშინ, დაახლოებით 12:20 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებული სამხედრო ბაზიდან “მი-8” ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოიჭრა და გადაუფრინა გორისა და კასპის რაიონების სოფლების – არბოს, მერეთის, დიცის, კოშკას, ქერეს, ფლავის, ფლავისმანის, ქვეშის, მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, ბერშუეთის, წითელუბნის, ხურვალეთის, ზადიაანთკარის, საკორინთლოს, ქვემო ჭალას, პანტიანისა და ვეკეს ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს.
6 მარტს, დაახლოებით 18:22 საათზე, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ განლაგებული რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მიმართულებიდან შემოიჭრა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში განლაგებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს.
07.03.14