კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კახა კალაძე დამტკიცდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ, კოალიციის პოლიტსაბჭოს რამდენიმესაათიანი სხდომის შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე იყო საუბარი მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. იმერლიშვილის ცნობით, პოლიტსაბჭოს მომდევნო სხდომაზე საუბარი შტაბის ფორმირებაზე იქნება. გარდა ამისა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი იყო საარჩევნო კოდექსზე და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის, უკრაინის თემაზეც.
საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით კი, კახი კალაძეს დაევალა და ის უახლოეს დღეებში წარმოადგენს მუშაობის გრაფიკს. “ვიმსჯელეთ წინასაარჩევნო ვითარებაზე, პირველ რიგში კი, კოალიციური თანამშრომლობის პრინციპებზე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე იქნება და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ ამასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი დრო დავუთმეთ პრემიერის ვიზიტს ამერიკაში, მანამადე ევროპაში ვიზიტს, ვისაუბრეთ ნატოსა და ევროკავშირის თემაზეც”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მისი ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ატმოსფეროს. “შევთანხმდით, რომ პასუხი უნდა გავცეთ, საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს, თითქმის ყველას”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მისივე შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცდილობენ, რომ ყველაფერი პიარის ფორმატში გადაიყვანონ, რაც არაჯანსაღ სიტუაციას ქმნის ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, როგორც დეპუტატი აცხადებს, მომავალში, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნაკლები დრო დაუთმონ მათ ბრალდებებს და მათი მხრიდან საუბარი შეეხებოდეს იმ პრობლემებს, რაც ხალხს აწუხებს. გია ვოლსკის ინფორმაციით, მომავალი შეხვედრა, სავარაუდოდ, ოთხშაბათს გაიმართება და შეხვედრები ინტენსიური იქნება.
10.03.14