საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მოსაზრება, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით კომპანია KPMG-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო, შეედარებინა სხვადასხვა ქვეყნებში სასესხო პროდუქტების არსებული საპროცენტო განაკვეთები. როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, კვლევამ მოიცვა ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნები.
“შედეგი არის შემდეგი – საქართველოში სასესხო პროდუქტების აბსულუტური უმეტესობაზე უფრო ნაკლებია საპროცენტო განაკვეთი, ვიდრე – ყაზახეთში, სერბეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში, ხოლო უფრო მეტია, ვიდრე პოლონეთსა და უფრო განვითარებულ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს, პრინციპში, სიურპრიზი არ იყო, ვინაიდან არავისთვის არ არის სიურპრიზი, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის სრული ჩემპიონი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, დასაქმების თვალსაზრისით, არის ლოკომოტივი ქართული ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ამ კვლევის შედეგად წერტილი დაესმევა ისეთი აბსურდული სტერეოტიპების დამკვიდრების მცდელობას, თითქოს საქართველოში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საპროცენტო განაკვეთები საქართველოში ასახავს ეკონომიკაში არსებულ რეალობას. კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ეკონომიკური განვითარების გაგრძელების, პარალელურად საპროცენტო განაკვეთების კლება, გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკის განვითარებასთან ერთად საპროცენტო განაკვეთების კლებაც გაგრძელდება.
“მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ხშირ შემთხვევაში არისისეთი, რამდენიც იყო დეპოზიტებზე სულ რამოდენიმე წლის წინ. ამიტომ ეს პროცესი შეუქცევადია, რა თქმა უნდა ეკონომიკის განვითარებასთამ ერთად”, – განაცხადა ქადაგიძემ.
გიორგი ქადაგიძემ ეს განცხადება სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, “ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შედარების ანალიზის” კვლევის ანგარიშის პრეზენტაციამდე გააკეთა.
11.03.14