ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ხორვატიის დედაქალაქ, ზაგრებში გამართულ ფინალურ შეხვედრაში, მან დაძაბულ ბრძოლაში სურინამელი ენდი რისტი მე-5 რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. დავით ქირიას მოწინააღმდეგემ, ორთაბრძოლის დაწყებამდე განაცხადა, რომ ქირია ვერ შეძლებდა მის დამარცხებას,თუმცა ქართველმა სპორტსმენმა მისი სიძლიერე ყველას დაუმტკიცა. ,,თბილისი თაიმსი“ დავით ქირიას ჰოლანდიაში დაუკავშირდა და განვლილ გზაზე და გეგმებზე ესაუბრა.
როდის დაიწყეთ ვარჯიში? თუ გქონდათ გადაწყვეტილი თავიდანვე, რომ ბოლომდე გაყვებოდით სპორტის ამ სახეობას?
ვარჯიში 9 წლის ასაკში დავიწყე, თავიდანვე ვიყავი ძალიან მოხიბლული და შეყვარებული სპორტის ამ სახეობაზე, არასოდეს მიფიქრია, რომ ვარჯიში შემეწყვითა. ჩემი ოცნება იყო, რომ გავმხდარიყავი მსოფლიოში პირველი და ჩემპიონი, რაც 17 წლის შემდეგ ამიხდა.
რა ტიტულები გაქვთ მოპოვებული?
ვარ ევროპის ჩემპიონი კიოკუშინკაი კარატეში, კინგ-ბოქსინგის glory-ის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი.
თქვენ ყველა შეჯიბრზე გამოდიხართ საქართველოს სახელით,გეხმარება თუ არა საქართველო ფინანსურად?
დიახ, მე ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. კი, სახელმწიფო მეხმარება, განსაკუთრებით ჩემი ქალაქის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შუამდგობლობით, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფს მოსამზადებელ შეკრებასა და ჩემს შეჯიბრზე გამგზავრებას, რისთვისაც დიდი მადლობას მოვახსნებ მათ.
არის თუ არა შემოთავაზებები სხვა ქვეყნებიდან,რომ გამოხვიდეთ მათი ქვეყნის სახელით?
შეიძლება ითქვას, რომ იყო რაღაც საუბრები სხვა ქვეყნის სახელით გამოვსულიყავი, თუმცა რაიმე სერიოზული განხილვა არ ყოფილა და არც არასდროს დავფიქრებულვარ ამ თემაზე.
რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეთ,როგორ ემზადებოდით ამ ორთაბრძოლისთვის?რამდენად დიდი იყო გამარჯვების მოლოდინი?
ძალიან ბედნიერი, კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით. მომზადების პერიოდი ძალიან დატვირთული იყო. შვიდი კვირა ვემზადებოდი ჩემს გუნდთან ერთად, პირველი ორი კვირა ტაილანდში ვემზადებოდი, დანარჩენი ხუთი კვირა ჰოლანდიაში, ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა. ორი კვირით ადრე მარცხენა მხარეს, ნეკნის ძალიან სერიოზული ტრავმა მივიღე, ორი დღე სუნთქვა მიჭირდა და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბრძოლა ასე რთულად წარიმართა, ამასთან ერთად ჩემი მოწინააღმდეგე 2013 წლის glory-ის ტურნირის გამარჯვებული და მსოფლიოში პირველი ნომერი იყო.
სამომავლო გეგმები ასეთია, ჯერ ცოტას დავისვენებ, ტრამვებს მოვიშუშებ. 29 მარტს სემინარს ვატარებ ბუქარესტში, 6 აპრილს ჰოლანდიაში,ზუიდლარენში და აპრილის ბოლოს, გერმანიაში. მაისში და ივნისში საქართველოში ვაპირებ თუ კი დაინტერესება იქნება ქართველი სპორტსმენების მხრიდან, ხოლო რაც შეეხება ჩემს მორიგ ბრძოლას იმედია ივნისში მექნება. ამ ეტაპზე, არ შემიძლია ზუსტად მოგცეთ ინფორმაცია.
თქვენს წარმატებაში ვის ან რას მიუძღვის ყველაზე დიდი წვრილი?
რა თქმა უნდა, მყავს ბევრი ადამიანი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში, მაგრამ მყავს გამორჩეული ადამიანები. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელს ბაჩუკი ფარცვანიას, ეს მისი გამარჯვება და დამსახურებაა, რომ დღეს ასეთ დიდ წარმატებას მივაღწიე. დიდი მადლობა ჩემს ჰოლანდიელ მწვრთნელს დეივ ჯონკერს, მადლობა ჩემს ქვეყანას დახმარებისათვის და ჰოლანდიელ სპონსორებს, მადლობა ქართველ და საერთოდ ყველა ჩემს გულშემატკივარს, მეგობრებს, ჩემს ოჯახს და ჩემს საყვარელ უბანს-ინგირს. მადლობა უფალს, რომ შეისმინა ჩემი ვედრება.
12.03.14
ლანა წურწუმია