საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას ოფიციალური ვიზიტი კვიპროსში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან, თემურ მურღულიასთან, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან და კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ტასოს მიცოპოულოსთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრს, იოანის კასოულიდესს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კვიპროსის საერთო ისტორიულ და კულტურულ ღირებულებებსა და ეკონომიკურ სფეროში ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია კვიპროსსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება მრავალი მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ საგარეო ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხდეს პირდაპირი ფრენების მხარდაჭერა, საინვესტიციო აქტივობების მხარდაჭერა. ასევე, მნიშვნელოვანია, ხელი მოეწეროს იმ საერთაშორისო შეთანხმებებს, რომელიც ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კვიპროსის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინა პერიოდში,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანია მის უწმინდესობას, ნოვა იუსტინიანასა და სრულიად კვიპროსის არქიეპისკოპოსს, ქრისოსტომოს II-საც შეხვდა.
ამავე დღეს, კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ინფრასტრუქტურის კუთხით ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვას შეეხება.
„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი, ითვალისწინებს სწორედ იმას, რომ კვიპროსის მხარე დაგვეხმარება თანამედროვე მიდგომების და სტანდარტების დანერგვაში და გაგვიზიარებს გამოცდილებას სხვადასხვა თვალსაზრისით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგო-ეფექტურობის პროექტები, საავტომობილო გზების მართვასთან დაკავშირებული მიდგომები და სტანდარტები და ამ ყველაფერს ჩვენ მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი ითვალისწინებს. ვიმედოვნებ, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“. – განაცხადა დავით ნარმანიამ.
„ინფარსტუქტურის სფეროში საქართველოსა და კვიპროსს შორის გაფორმებული მემორანდუმი ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებას შეუწყობს ხელს. საქართველოს დეგლეგაციის ვიზიტის პერიოდში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეცნო ერთმანეთისთვის ის მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ორ ქვეყანას გააჩნია. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩამოვაყალიბებთ სამუშაო ჯგუფს, რომელიც გააგრძელებს ამ კუთხით მუშაობას, ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას საქართველოსა და კვიპროსს შორის“. – აღნიშნა ტასოს მიცოპოულოსმა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ და დასძინა, რომ კვიპროსი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მხარს დაუჭერს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულ კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან.
13.03.14