საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თამარ ბერუჩაშვილის ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მისი შეხვედრა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელთან გუნარ ვიგანდთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და განხორციელების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ნაბიჯები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ პროცესში ევროკავშირის მხრიდან სოლიდარობისა და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე. ამ თვალსაზრისით, ქართული მხარე მიესალმა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მაღალი და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირების განხორციელებულ თუ უახლოეს პერიოდში დაგეგმილ ვიზიტებს ქვეყანაში, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირებაა.
მხარეებმა ისაუბრეს ასოცირების შესახებ შეთანხმების, განსაკუთრებით კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელებაში საქართველოსთვის ევროკავშირის სათანადო ფინანსური და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, დიფერენციაციისა და „მეტი-მეტისათვის“ პრინციპებზე დაყრდნობით.
მხარეებმა მზაობა გამოთქვეს ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესის სათანადოდ წარმოჩენის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების თაობაზე.
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტებს შორის ასევე ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს. ქართული მხრიდან გამოითქვა მზაობა ა.წ. ზაფხულამდე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დასრულებასა და მეორე ფაზაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის კუთხით. ამ თვალსაზრისით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგონში და კერძოდ, საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
14 მარტს თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრაში, რომელშიც ევროკომისიის მხრიდან მონაწილეობას მიიღებს საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორი სტეფანო მანსერვისი. ქართული მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ემანუელ ჰატონთან. შეხვედრის ძირითად თემატიკას წარმოადგენს იმ შესაძლებლობის გაცნობა, რასაც ითვალისწინებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება, კერძოდ ვაჭრობის, ეკონომიკური ურთიერთობების ახალი პერსპექტივები, მათ შორის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა.
14.03.14