კომპანია RMG gold საყდრისში სამუშაოებს განაახლებს. როგორც კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა , მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ კი დადებითი დასკვნა სამუშაოების განახლებაზე ინვესტორთან უკვე გაგზავნილია.
მისივე თქმით, ეს დასკვნა გაცემულია იმ პირობით, რომ საერთაშორისო მასშტაბის ექსპერტებსა და სპეციალისტებს ექნებათ საშუალება მონიტორინგი განახორციელონ იმ სამუშაოებზე, რომელსაც ინვესტორი უახლოეს პერიოდში განახორციელებს.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარის ნიკა ანთიძის თქმით კი, დადგინდა, რომ საყდრის-ყაჩაღიანში ოქროს უძველესი მაღაროს არსებობა არ დასტურდება.
მისი განცხადებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ჩართული იყო იმ პროცესებში, რომელიც 2013-2014 წლებში საყდრისი-ყაჩაღიანის გარშემო მიმდინარეობდა.
“ჩემი დანიშვნის შემდეგ მოხდა უკვე იმ მთლიანი დოკუმენტაციის გაანალიზება, რაც საყდრისი-ყაჩაღიანის გარშემო არსებობს და დადგინდა, რომ საყდრის-ყაჩაღიანში ოქროს უძველესი მაღაროს არსებობა არ დასტურდება”, – აღნიშნა ანთიძემ.
საყდრისს, 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა და უძველეს ოქროს მაღაროდ მიიჩნეოდა. 5 ივლისს კი, კულტურის მინისტრმა მას მხოლოდ არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მიანიჭა, თუმცა 1 ოქტომბერს ეს სტატუსიც მოეხსნა.
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხედვით კი, ლიცენზიის მფლობელ კომპანიას კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე ეკრძალება, წიაღისეული მოიპოვოს იმ ადგილას, სადაც არქეოლოგიური ობიექტი მდებარეობს.