ჩვენ შევძლებთ, ადგილობრივი მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ ხუდონჰესი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, ხუდონჰესი მნიშვნელოვანი პროექტია და ძალიან დიდი ინტერესი არსებობს საზოგადოებაში.
“ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეული თემაა, მაგრამ ჩვენ შევძლებთ ადგილობრივი მოსახლეობა დავარწმუნოთ იმაში, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სვანეთის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.
ამასთან, ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით კახი კალაძემ ენერგეტიკის სფეროს ექსპერტებთან და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზეც ისაუბრა.
შეხვედრაზე სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, ქვეყნის გრძელვადიან ენერგეტიკულ სტრატეგიაზე, საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე მოვლენებსა და ენერგეტიკული სფეროს შესაძლებლობებზე ისაუბრეს
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექსპერტებთან შეხვედრა უკვე რამდენჯერმე გაიმართა და ამ რეჟიმში მუშაობა ისევ გაგრძელდება.
14.03.14