საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტი ევროპული სტანდარტების კანონს მიიღებს.
როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს კამპანიაში “ეს შენ გეხება”‘ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, აუცილებელია საკითხზე დიალოგი გაიმართოს და მასში ყველა მხარე აქტიურად ჩაერთოს.
“მე დეტალურად გავეცანი იმ პოზიციას, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით გააჩნიათ და საიდან გამომდინარეც მათ დაიწყეს ფართო მოძრაობა ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით: პირველი – ნებისმიერი ასეთი საკითხი გამომდინარეობს ორი მომენტიდან, ერთი არის სახელმწფოს ვალდებულება მართლწესრიგის დაცვის, მეორე არის ადამიანის თავისუფლების და ინდივიდის უფლებათა გარატია. ბალანსი ამ ორ საკითხს შორის არის ის სახელმწიფოებრივი ბალანსი, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს და რომელიც აუცილებლად უნდა გამოიხატოს კანონში. ეს იყო ღირებულებითი ნაწილი. ჩვენ შევთანხმდით, რომ აქტიურად უნდა ჩაერთოს ყველა მხარე სწორედ ამ ბალანსის პოვნაში – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესაა ბალანსი სახელმწიფოს ვალდებულებისა, რომ იყოს დაცული წესრიგი და მეორეს მხრივ, ადამიანის უფლებების და ინდივიდების თავისუფლებებს შორის. ჩვენ შევთანხმდით იმაზეც, რომ ეს უნდა შედგეს აქტიური დიალოგის შედეგად და მოვუწოდებ ყველა მხარეს, ჩაერთოს ამ დიალოგში, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, აუცილებელია ამ პროცესში შენარჩუნდეს 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მიღწეული ის სულისკვეთება, რასაც საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ნდობის აღდგენა ჰქვია.
“ბუნებრივია, ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს ის სულისკვეთება, რომელიც მოიტანა 1-ელმა ოქტომბერმა. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს სწორედ ნდობა აღდგა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის და ხელისუფლება აღარ არის აღქმული, როგორც ადამიანის უფლებების დამრღვევი. ამ სულისკვეთებით, მე მჯერა, რომ ყველა მონაწილე მხარე აქტიურად ჩაერთვება ამ დიალოგში და სწორედ ევროპული სტანდარტების კანონს მივიღებთ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას კამპანიაში ჩართული 10-მდე არასამთავრობო ორგანიაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, თავად მარგველაშვილის ინიციატივით გაიმართა დ ის დაგეგმილზე დიდხანს, თითქმის 2 საათს გაგრძელდა.
14.03.14