საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუმინელ კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთის საზღვაო ნავსადგურებს შორის პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე. პრემიერის თქმით, საინტერესო პერსპექტივებია ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ხალხთაშორის ურთიერთობების კუთხით.
“ჩვენ ხაზი გავუსვით საქართველოსა და რუმინეთის საზღვაო ნავსადგურებს შორის პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობა ადასტურებს მზადყოფნას, რომ ხელი შეუწყოს პოტენციურ ინვესტორებს აღნიშნული პროექტების განვითარების მიზნით. შევთანხმდით საქართველოსა და რუმინეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობის განახლებაზე. ასევე შევთანხმდით, რომ აღნიშნული კომისიის სხდომა ბიზნესფორუმთან ერთად თბილისში მიმდინარე წლის ივლისში გაიმართება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მისთვის მისასალმებელია ის, რომ დღეს ხელი მოეწერება საქართველოსა და რუმინეთის მთავრობებს შორის საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად გაცვლის შესახებ შეთანხმებას.
14.03.14