დარწმუნებული ვარ, რომ 2014 წლის შემდეგაც საქართველოს ავღანეთში ახალ მისიაში ექნება თავისი ღირსეული ადგილი, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზარარ აჰმად ოსმანმა თავის ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ქართველი სამხედროები მონაწილეობენ ავღანეთში ISAF-ის მისიაში და იბრძვიან მშვიდობის დამყარებისათვის და ტერორიზმის წინააღმდეგ.
“ISAF-ის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობა ქართველ სამხედროებთან იმის მაჩვენებელია, რომ ორ ქვეყანას შორის კარგი და თბილი ურთიერთობები არსებობს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას შევეხეთ ეკონომიკის და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს. საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა ჩვენთვის საინტერესოა, რადგან შეიძლება ამ პოტენციალის გამოყენება”, – განაცხადა ზარარ აჰმად ოსმანმა.
მისივე თქმით, 5 აპრილს ავღანეთში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც არის თანამედროვე ავღანეთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა. როგორც მან აღნიშნა, ესდ არის უდიდესი მიღწევა, რადგან ავღანეთში პირველად ხდება ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების გზით.
“ჩვენმა ძალოვანმა სტრუქტურებმა შეიძინეს გამოცდილება და წარმატებით ახორციელებენ ქვეყნის დაცვის საკითხებს. 2014 წლის ბოლოს დარჩებიან საერთაშორისო სამხედრო ძალები ავღანეთში მხოლოდ იმისათვის რომ ტრენინგები ჩაუტარონ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ამ ახალ პირობებშიც ექნება თავისი ღირსეული ადგილი”, – დასძინა ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
17.03.14